სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა პოლიციის მხრიდან ნაცემ დავით ქაცარავაზე გამოძიება დაიწყო.
უწყების ცნობით, გამოძიების დაწყების საფუძველი დავით ქაცარავას ცოლის მიერ ცხელ ხაზზე დაფიქსირებული შეტყობინება გახდა, სადაც მან განაცხადა, რომ მის მეუღლეს დაკავებისას პოლიციამ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
პოლიციის მხრიდან დავით ქაცარავას მიმართ სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით გამოძიება დაიწყო.
ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერის, დავით ქაცარავას პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე პოლიცია სასტიკად გაუსწორდა. ის რამდენიმე საათის წინ ძალის გამოყენებით დააკავეს.
ამჯამად ქაცარავა კლინიკაშია გადაყვანილი.