საგამოძიებო: მიშა მშვილდაძის მიმართ ძალადობის საქმე სასამართლოში განსახილველად გაიგზავნა

საგამოძიებო: მიშა მშვილდაძის მიმართ ძალადობის საქმე სასამართლოში განსახილველად გაიგზავნა

სპეციალური საგამოძიებო სამსახური ტელეკომპანია ფორმულას ერთ-ერთი დამფუძნებლის მიშა მშვილდაძის საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ საქმე სასამართლოში განსახილველად გაიგზავნა.

"სპეციალური საგამოძიებო სამსახურის წარმოებაში არსებული სისხლის სამართლის საქმე, ბრალდებულ ნ.გ.-ს მიმართ, რომელსაც ბრალად ედება 2023 წლის 27 ივნისს ვაჟა-ფშაველას გამზირზე, ტელეკომპანია "ფორმულას" დამფუძნებლის მიხეილ მშვილდაძის მიმართ ძალადობა, სასამართლოში განსახილველად გაიგზავნა.

გამოძიების მსვლელობისას დაზარალებულის უშუალო ჩართულობით გადამოწმებული იქნა გამოძიების ყველა შესაძლო ვერსია, რა მიზნითაც საქმეზე არაერთი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება ჩატარდა. კერძოდ, დათვალიერდა შემთხვევის ადგილი და მიმდებარე ტერიტორია, რა დროსაც იდენტიფიცირდა და სასამართლოს განჩინებით გამოთხოვილი იქნა 23 კერძო ობიექტის და საჯარო უწყების ათეულობით სამეთვალყურეო ვიდეოკამერის ჩანაწერი, ასევე ცალკეულ ვიდეოკადრებზე სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში“ ჩანაწერის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, ჩატარდა ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზა, გამოიკითხა 21 მოწმე. საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის დროს, ასევე გადაუდებელი აუცილებლობით ამოღებული იქნა საქმესთან შემხებლობაში მყოფი 4 პირის საკუთრებაში არსებული მობილური ტელეფონები. საჯარო უწყებებიდან გამოთხოვილი იქნა საქმისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის შემცველი საიდუმლო და არასაიდუმლო დოკუმენტები და მასალები, რის შედეგადაც ვერ დადგინდა სხვა პირის/პირთა ბრალეულობა.

სპეციალური საგამოძიებო სამსახური მუდმივად უზრუნველყოფდა დაზარალებულის და ადვოკატის ჩართულობას საგამოძიებო პროცესში.

დაზარალებული და მისი უფლებადამცველი სისხლის სამართლის საქმის ყველა მასალას და დოკუმენტს 7-ჯერ გაეცნო.

როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, აღნიშნულ საქმეზე 2023 წლის 28 ივნისს ბრალდებულის სახით დაკავებული იქნა ნ.გ., რომელსაც ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (ძალადობა) წარედგინა და სასამართლოს მიერ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა", - წერია საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში.

მშვილდაძის ადვოკატი ედუარდ მარიკაშვილი აცხადებს, რომ საგამოძიებო სამსახური სასამართლოში საქმეს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით, ნიკოლოს გუგეშაშვილის ბრალდების ფარგლებში გაგზავნის. მისივე თქმით, ეს ნიშნავს, რომ "მშვილდაძის მიმართ ჩადენილ დანაშაულს პროკურატურამ და სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა მხოლოდ ნიკოლოზ გუგეშაშვილის მხრიდან ძალადობის სამართლებრივი შეფასება მისცა და სხვა პირთა (მაგალითად სახელმწიფო უსაფრთხოების წარმომადგენელთა) ჩართულობას ამ დანაშაულში არ ხედავს".

"ეს ნიშნავს, რომ გამოძიება ამით დასრულდება, თუ პროკურატურა საქმის გამოძიებას არ გამოყოფს და ნიკოლოზ გუგეშაშვილის საქმის სასამართლოში განხილვის პარალელურად გამოძიებას არ გააგრძელებს. [...]

შესაბამისად სპეც. საგამოძიებო სამსახურსა და პროკურატურას მოვუწოდებთ მიმდინარე საქმიდან, რომელიც ნიკოლოზ გუგეშაშვილის ბრალდების ფარგლებში გაიგზავნება და განიხილება სასამართლოში, ცალკე წარმოებად, გამოძიებად გამოყოს მიხეილ მშვილდაძის მიმართ ჩადენილი დანაშულების გამოძიება და გააგრძელოს ყველა იმ ვერსიაზე მუშაობა, რომელიც უკავშირდება მიხეილ მშვილდაძეს თავდასხმაში უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლების ორგანიზებულ ჩართულობას", - წერს მშვილდაძის ადვოკატი.

***

ფორმულას ერთ-ერთ დამფუძნებელს, მიშა მშვილდაძეს 27 ივნისს უცნობი პირი თავსდაესხა და ფიზიკურად გაუსწორდა. შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.

28 ივნისს, სოციალურ ქსელში მოქალაქე ნიკოლოზ გუგეშაშვილმა დაწერა, რომ 27 ივნისს ფორმულას ერთ-ერთ დამფუძნებელს, მიშა მშვილდაძეს თავს ის დაესხა. ამავე დღეს მიშა მშვილდაძეზე თავდასხმის ბრალდებით ერთი ადამიანი დააკავეს. 29 ივნისს, კი მიშა მშვილდაძეს მასზე თავდასხმიდან მესამე დღეს დაზარალებულის სტატუსი ოფიციალურად მიენიჭა.

5 ივლისს, ფორმულამ გაარკვია, რომ მიშა მშვილდაძეზე ორგანიზებული თავდასხმის ერთ-ერთი ფიგურანტი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გამომძიებელი გიორგიმუმლაძეა.

11 სექტემბერს სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ტელეკომპანია ფორმულას ერთ-ერთი მფლობელის მიშა მშვილდაძის საქმე დახურულად გამოაცხადა.

მას შემდეგ, რაც სპეციალურმა საგამოძიებო უწყებამ ფორმულას ერთ-ერთი დამფუძნებლის, მიშა მშვილდაძის საქმე დახურულად გამოაცხადა, დაზარალებული დავას საერთაშორისო სასამართლოში გაგრძელებას აპირებს.