საერთაშორისო მედიები Massive Attack-ის მიერ გაუქმებულ კონცერტსა და მიზეზებზე წერენ

საერთაშორისო მედიები Massive Attack-ის მიერ გაუქმებულ კონცერტსა და მიზეზებზე წერენ

ბრიტანული ჯგუფის Massive Attack-ის მიერ გაუქმებული კონცერტის შესახებ საერთაშორისო მედიები წერენ. ყველა მათგანი აღნიშნავს, რომ კონცერტის გაუქმება საქართველოში ადამიანის უფლებებზე თავდასხმას უკავშირდება. კონცერტი Black Sea Arena-ზე 28 ივლისს უნდა ჩატარებულიყო.

"ჯგუფის განცხადება იმ მომენტში გავრცელდა, როდესაც ცოტა ხნის წინ ათასობით დემონსტრანტი საქართველოში ქუჩებში გავიდა, პარლამენტის მიერ დამტკიცებული კანონის გასაპროტესტებლად, რომელიც მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობას არეგულირებს, რომელიც ბევრისთვის რუსეთის მსგავს კანონს ეხმიანება", - წერს გამოცემა Euronews.

გამოცემა ასევე აღნიშნავს, რომ აპრილში ჯგუფს განცხადება გაუგზავნა მოძრაობა სირცხვილიამ, რომელშიც ის წერდა მთავრობის მხრიდან თავდასხმების შესახებ სამოქალაქო საზოგადოებაზე, დამოუკიდებელ მედიაზე, სოციალურად დაუცველ ჯგუფებზე, ლგბტქ+ თემზე, ქალებზე, ეთნიკურ, რელიგიურ და სხვა უმცირესობებზე.

"როგორც ჩანს, წერილმა იმუშავა", - აღნიშნავს Euronews.

საქართველოში მიმდინარე მოვლენები და კონცერტის გაუქმება არ გამორჩენია ბრიტანულ გამოცემა The Guardian-ს.

"Black Sea Arena-ზე გამოსვლის გაუქმების შესახებ პირველებმა ორგანიზატორებმა განაცხადეს, რომლებმაც თქვეს, რომ ეს "გაუთვალისწინებელი გარემოებების" გამო იქნა მიღებული. ოთხშაბათს რამდენიმე საათის შემდეგ გამოქვეყნებულ განცხადებაში, ტრიპ-ჰოპ ჯგუფმა განმარტა, რომ ისინი შიშობენ, რომ საქართველოში გამოსვლა ქვეყნის პოლიტიკური ხელმძღვანელობის მხარდაჭერად მიიჩნევა", - აღნიშნულია სტატიაში.

გაუქმებულ კონცერტზე წერს გამოცემა Far Out-იც:

"მიუხედავად იმისა, რომ კანონპროექტის მომხრეები ამტკიცებენ, რომ ის გამჭვირვალობისთვის მიიღეს, ევროკავშირმა და ბევრმა სხვამ, ვინც უცხოური აგენტების კანონის წინააღმდეგ გამოდის, ის რუსეთში მიღებულ ანალოგიურ კანონთან შეადარეს.

უფრო მეტიც, კანონპროექტის საწინააღმდეგო პროტესტებზე ბევრი ამტკიცებდა, რომ მათ პოლიცია დაესხა თავს, რამაც გამოიწვია, რომ Massive Attack -მა უარი თქვა საქართველოში გამოსვლაზე".

კიდევ ერთი გამოცემა NME Magazine Massive Attack-ის უარის გარემოებებზეც წერს:

"მათი უარი საქართველოში გამოსვლაზე გავრცელდა რამდენიმე დღეში მას შემდეგ, რაც ჯგუფმა ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ლაივშოუზე დასაკრავად სცენაზე პირველად გავიდა", - წერს გამოცემა. მათივე ინფორმაციით, შვედეთში, გოთენბურგის კინო სტუდიაში გამართულ კონცერტზე Massive Attack-მა "Safe From Harm" შეასრულა, რომელიც ჯგუფის წევრის, რობერტ დელ ნაიას თქმით, ღაზას მიმართ სოლიდარობას უძღვნიან.

***

დღეს, 12 ივნისს ცნობილი გახდა, რომ Massive Attack შეკვეთილში კონცერტს აღარ ჩაატარებს. ჯგუფის თქმით, შოუს მთავრობის მიერ ადამიანის უფლებებზე თავდასხმის გამო აუქმებენ.

მათი თქმით, ამ მომენტში სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ არენაზე გამოსვლა, შესაძლოა, მშვიდობიანი პროტესტისა და სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ ძალადობრივი ჩახშობის მოწონებად ჩაითვალოს.

"ჩვენ გადავწყვიტეთ, გავაუქმოთ ჩვენი შოუ საქართველოში 28 ივლისს, პროტესტის ნიშნად საქართველოს მთავრობის მიერ ადამიანის ძირითად უფლებებზე თავდასხმის გამო. ამ მომენტში, სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ Black Sea Arena-ზე გამოსვლა შეიძლება ჩაითვალოს მშვიდობიანი პროტესტებისა და სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ ძალადობრივი ჩახშობის მოწონებად.

ცემა, დაპატიმრება, მუქარა და ძალადობა მშვიდობიანი მომიტინგეების, აქტივისტებისა და ოპონენტების მიმართ, კანონებთან ერთად, რომლებიც აზიანებს სამოქალაქო საზოგადოებას და უარყოფს ლგბტი ადამიანების უფლებებს, ეწინააღმდეგება ყველაფერს, რასაც ჩვენ მხარს ვუჭერთ.

ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ საქართველოში მშვიდობიან მომიტინგეებს, რომლებიც ეწინააღმდეგებიან სახელმწიფო ძალადობას და ვგრძნობთ, რომ მათი ხმა უნდა მოისმინონ და მათი ბრძოლა იყოს საერთაშორისო ყურადღების ცენტრში. ჩვენ დავბრუნდებით და თქვენთან ერთად დავუკრავთ თავისუფლების პირობებში. #დაიცავიპროტესტი", - წერია განცხადებაში.

ცოტა ხნის წინ Black Sea Arena-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ Massive Attack-მა კონცერტი გააუქმა. მათ მიზეზი არ დაუსახელებიათ.

რამდენიმე კვირის წინ ბენდს მოქალაქეებმა მიმართეს, სადაც საუბარი იყო რუსულ კანონზე, ოფშორების კანონზე, ოლიგარქიაზე და ქვეყანაში მიმდინარე რეპრესიებზე და Massive Attack-ს მოუწოდებდნენ, გაცნობოდნენ საქართველოში არსებულ მდგომარეობას.

მიმართვის შემდეგ, ბენდმა X-ზე რუსული კანონის მოწინააღმდეგე სტუდენტებს მხარდაჭერა გამოუცხადა. "სოლიდარობა სტუდენტებს - თბილისიდან აშშ-ის კამპუსებამდე, რომლებიც სასტიკ სახელმწიფო რეპრესიებს ეწინააღმდეგებიან", - წერდა Massive Attack.