საერთაშორისო მედიაორგანიზაციები: უპირობოდ გათავისუფლდეს ამაღლობელი, დასრულდეს მედიის დევნა

საერთაშორისო მედიაორგანიზაციები: უპირობოდ გათავისუფლდეს ამაღლობელი, დასრულდეს მედიის დევნა

საერთაშორისო პრესის ინსტიტუტი (IPI) და ჟურნალისტებისა და ადამიანის უფლებების დამცველი კიდევ 13 საერთაშორისო ორგანიზაცია ქართული ოცნების ხელისუფლებას მოუწოდებს, დაუყოვნებლივ და უპირობოდ გაათავისუფლონ ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი მზია ამაღლობელი.

განცხადებაში მოწოდებაა ქართული ოცნების მიმართ, დაასრულოს მედიის მიმართ უპრეცედენტო დევნა და ასევე მოთხოვნილია მზია ამაღლობელის მიმართ არასათანადო მოპყრობის შესახებ გამოძიების ჩატარება.

"მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ და უპირობოდ გაათავისუფლოს ამაღლობელი და დაასრულოს მედიის მიმართ ეს უპრეცედენტო დევნა. ჩვენ ასევე ვითხოვთ მზია ამაღლობელის მიმართ არასათანადო მოპყრობის შესახებ გამოძიებას", - ნათქვამია განცხადებაში.

განცხადებას ხელს აწერენ:

  • International Press Institute (IPI)
  • European Centre for Press and Media Freedom (ECPMF)
  • European Federation of Journalists (EFJ)
  • Osservatorio Balcani Caucaso Transeuropa (OBCT)
  • Free Press Unlimited (FPU)
  • Justice for Journalists Foundation (JFJ)
  • IMS (International Media Support)
  • Media Diversity Institute (MDI)
  • Media Diversity Institute Western Balkans (MDI WB)
  • PEN International
  • Civil Rights Defenders (CRD)
  • Kathy Kiely, Lee Hills Chair in Free Press Studies, Missouri School of Journalism
  • Society of Journalists (Warsaw)
  • IRMI – Institute for Regional Media and Information (Ukraine)

***

14 იანვარს ბათუმის საქალაქო სასამართლომ მზია ამაღლობელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო სახელაშვილმა გამოაცხადა.

16 იანვარს სახალხო დამცველმა მზია ამაღლობელის მიმართ აღკვეთის ღონისძიების გამოყენების საკითხზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრებით მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს.

გამოცემების, ნეტგაზეთისა და ბათუმელების დამფუძნებელი, მზია ამაღლობელი რამდენიმე დღეა შიმშილობს.

მზია ამაღლობელი ბათუმში მიმდინარე საპროტესტო აქციაზე 11-12 იანვრის ღამეს ჯერ ადმინისტრაციული წესით დააკავეს და პროტესტის მალევე გაათავისუფლეს, რამდენიმე წუთში კი უკვე სისხლის სამართლის წესით დააკავეს.

მას პოლიციელზე თავდასხმა ედება ბრალად, რაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ინციდენტს წინ უძღოდა დაპირისპირება და ჭყლეტა მონაწილეებსა და პოლიციას შორის, რაც პოლიციის მხრიდან პროვოკაციული ქმედებებს მოჰყვა.