არაბთა გაერთიანებულ საამიროებში საქართველოს საელჩოში ფორმულას უთხრეს, რომ აბუ დაბიში ქართული ოცნების არალეგიტიმური პარლამენტის დეპუტატების მხრიდან მომხდარ თავდასხმასთან დაკავშირებით "გამოძიება მიმდინარეობს".
საელჩოში ირწმუნებიან, რომ მათთვის უცნობია გავრცელებული ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, სასამართლოს ჩანიშვნამდე აბუ დაბის წინასწარი დაკავების იზოლატორში ირაკლი ზარქუა და ვიქტორ სანიკიძე ერთ თვეს გაატარებენ.
13 იანვარს აბუ დაბიში მყოფი ქართული ოცნების არალეგიტიმური პარლამენტის დეპუტატები ვიქტორ სანიკიძე და ირაკლი ზარქუა მოქალაქე ლაშა გაბიტაშვილს თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ.
მანამდე, 12 იანვარს მოქალაქე ლაშა გაბიტაშვილმა გაავრცელა ვიდეო, სადაც აბუ დაბიში ჩასულ ოცნების ერთპარტიული და არალეგიტიმური პარლამენტის დეპუტატებს "გამყიდველები და მოღალატეები" უწოდა.
კადრებში იყვნენ ირაკლი ზარქუა, ვიქტორ სანიკიძე და გოჩა ენუქიძე. ასევე, ქართული ოცნების წევრი გელა სამხარაული და განათლების ყოფილი მინისტრი გიორგი ამილახვარი.
კადრებში ჩანდა, რომ მოქალაქეს, რომელიც ირაკლი ზარქუას ვიდეოს უღებდა, ოცნების არალეგიტიმური პარლამენტის დეპუტატმა ხელი მოუქნია, შემდეგ კი, ქუჩაში შეხვედრისას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.