პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი მაგნიტსკი აქტის ავტორს ბილ ბრაუდერს მიმართავს, რომ მის საქმესთან დაკავშირებით ახალი მაგნიტსკის სიის შექმნაში დაეხმაროს, ვიდრე "ლეტალური შედეგი დადგება".
სააკაშვილის თქმით, მასაც ისევე კლავენ როგორც სერგეი მაგნიტსკის, თუმცა უფრო „ღიად და საჯაროდ“ და რადგან, სააკაშვილის თქმით, მის მკვლელობაში მონაწილეების სახელები საჯაროა, ბრაუდერს მოუწოდებს, დაეხმაროს ახალი სიის შექმნაში.
„მე ციხეში მკლავენ ზუსტად ისევე როგორც მაგნიტსკის, მაგრამ ბევრად უფრო ღიად და საჯაროდ. ჩემი თხოვნაა, დაეხმაროთ ადგილობრივ ქართულ ჯგუფებს ახალი მაგნიტსკის სიის შექმნაში წინასწარ, ვიდრე ლეტალური შედეგი დადგება. ყველა სახელი საკმაოდ საჯაროა და მათ ერთმანეთისგან მხოლოდ დაუსჯელობის გრძნობა განასხვავებთ, რაც პუტინის უძლეველობის რწმენასთანაა კავშირში. მაგრამ თქვენ და მე ვიცით, რომ პუტინის დღეები დათვლილია და ჩემი უდიდესი იმედია, რომ მის დასასრულამდე ვიცოცხლებ. იმავდროულად, ჩემი ჯანმრთელობა ყოველდღიურად უარესდება და ადგილობრივი ოლიგარქის ნაძირალები კი დასცინიან ჩემს გაუარესებულ მდგომარეობას.
გთხოვთ, დაგვეხმაროთ მთელი თქვენი ინტელექტუალური რესურსით, მებრძოლი სულისკვეთებითა და ფართო კონტაქტებით“ - წერს მიხეილ სააკაშვილი.
მაგნიტსკი აქტი 2012 წელს აშშ-ის კონგრესმა მიიღო. ამ აქტის მთავარი მიზანი რუსეთის ხელისუფლების იმ წარმომადგენლებისთვის პასუხისმგებლობის დაკისრება იყო, ვინც მოსკოვის ციხეში 2009 წელს საგადასახადო მრჩევლის, სერგეი მაგნიტსკის სიკვდილზე იყო პასუხისმგებელი.
სერგეი მაგნიტსკი უკრაინული წარმოშობის რუსი საგადასახადო მრჩეველი იყო, ვინც რუსეთის ხელისუფლება კორუფციასა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადაჭარბებაში ამხილა. ის 2008 წელს დააპატიმრეს და 11 თვეში ციხეში დაიღუპა.
2016 წელს მიღებულ გლობალურ მაგნიტსკის აქტის მიღების შემდეგ კი აშშ-ის ხელისუფლებას შეუძლია ადამიანი უფლებების დარღვევის ფაქტების გამო მსოფლიოს მასშტაბით უცხო ქვეყნის ხელისუფლების წევრებს სანქციები დაუწესოს: გაყინოს მათი ქონება და აუკრძალოს აშშ-ის ტერიტორიაზე შესვლა.
2022 წლის 23 დეკემბერს მაგნიტსკი აქტის ავტორმა ბილ ბრაუდერმა ტვიტერზე დაწერა, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პოლიტპატიმარია და თუ მას სამკურნალოდ ევროპაში არ გადაიყვანენ, ამას "მხოლოდ მკვლელობა შეიძლება ეწოდოს".
ბრაუდერის თქმით, სააკაშვილის მდგომარეობაზე პასუხისმგებელი საქართველოს ხელისუფლებაა.