
კულტურის მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო სვეტიცხოვლის ტაძარში წყლის ჩამოსვლასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ ამ დროისთვის კედლის მხატვრობას საფრთხე არ ემუქრება.
განცხადების თანახმად, ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როდესაც ტაძარში წყალი ჩამოვიდა. პირველი შემთხვევა 22 მარტს მოხდა, რის შემდეგაც, სააგენტოს განცხადებით, დაუყოვნებლივ დაიწყო მუშაობა.
განცხადების თანახმად, გაუარესებული ამინდის გამო შეუძლებელია სამუშაო პროცესის დასწულება და აღნიშნულია, რომ მეტეოროლოგიური პირობების გაუმჯობესების შემდეგ "დაუყოვნებლივ მოხდება პრობლემის სრულფასოვნად აღმოფხვრა".
"მიმდინარე წლის 22 მარტს, სვეტიცხოველში მოხდა წყლის ინფილტრაცია, რის შემდეგაც დაუყოვნებლივ დაიწყო მუშაობა, კერძოდ: მოეწყო ხარაჩო, ჩატარდა გაწმენდითი სამუშაოები, ბიოციდის ხსნარით დამუშავდა ლორფინები და საბურველი, საბურველი ლიქენებისგანაც გაიწმინდა.
ბოლო ეტაპზე იგეგმება სპეციალური ხსნარით ნაპრალების ამოგოზვა, რისთვისაც აუცილებელია რამდენიმე დღე მშრალი ამინდი იყოს. სამწუხაროდ, მეტეოროლოგიური პირობები გაუარესდა და უხვმა ნალექმა ამ დრომდე შეუძლებელი გახადა პროცესის დასრულება.
შედეგად დღეს, კვლავ დაფიქსირდა იმავე ადგილას წყლის განმეორებითი ინფილტრაცია.
ამ დროისათვის კედლის მხატვრობას საფრთხე არ ემუქრება. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები ატარებენ გადაუდებელ სამუშაოებს.
მეტეოროლოგიური პირობების გაუმჯობესების შემდეგ კი დაუყოვნებლივ მოხდება ამ პრობლემის სრულფასოვნად აღმოფხვრა", - ვკითხულობთ განცხადებაში.