რუტე: უკრაინის გარანტიები ისე უნდა განისაზღვროს, რომ პუტინს თავდასხმა აზრადაც არ მოუვიდეს

რუტე: უკრაინის გარანტიები ისე უნდა განისაზღვროს, რომ პუტინს თავდასხმა აზრადაც არ მოუვიდეს

ნატოს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ, კიევში ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ უკრაინის უსაფრთხოების გარანტიები ორი დონისგან შედგება.

რუტეს თქმით, უკრაინა, აშშ და ევროპა ერთობლივად მუშაობენ მომავალ უსაფრთხოების გარანტიებზე. მისი თქმით, მიღწეულია შეთანხმება, რომ გარანტიები ორდონიანი იქნება:

  • პირველი დონე მოიცავს მშვიდობის შეთანხმებას, ცეცხლის შეწყვეტას ან ამ მექანიზმების კომბინაციას. მისი თქმით, მთავარი მიზანია უკრაინის შეიარაღებული ძალების გაძლიერება, რათა ქვეყანამ შეძლოს ნებისმიერი გამოწვევის დაძლევა.
  • მეორე დონე კი მოიცავს აშშ-სა და ევროპის მხრიდან მხარდაჭერას.

რუტემ ხაზი გაუსვა, რომ ბუდაპეშტის მემორანდუმისა და მინსკის მოლაპარაკებებისგან განსხვავებით, ახალი გარანტიები რეალური და სანდო უნდა იყოს. „ისინი ისეთ დონეზე უნდა იქნას განსაზღვრული, რომ ვლადიმირ პუტინს მოსკოვში აზრადაც არ მოუვიდეს, კვლავ დაესხას თავს უკრაინას,“ – განაცხადა რუტემ.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ რუმინეთი მზად არის უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების ნაწილად ნატოსთვის სამხედრო ბაზები გამოყოს, ხოლო ევროპელი ლიდერები აშშ-ს სთხოვენ, რუმინეთში F-35 ტიპის გამანადგურებლები განათავსოს.