რუსული თვითმფრინავი ევროკავშირში არ ჯდება- პარლამენტთან აქცია დაიწყო

რუსული თვითმფრინავი ევროკავშირში არ ჯდება- პარლამენტთან აქცია დაიწყო.

აქციის ორგანიზატორების განცხადებაში წერია, რომ "საქართველოს მხრიდან რუსეთთან სავიზო რეჟიმის არარსებობა, ფრენების დანიშვნა, ეკონომიკური თანამშრომლობა, სანქციების უგულებელყოფა - საფრთხეს უქმნის ჩვენს ეროვნულ მიზანს, ევროინტეგრაციას."

განცხადება:

"ამ დღეს, 7 წლის წინ რუსმა ოკუპანტებმა ენგურის ხიდთან გიგა ოთხოზორია მოკლეს. დღეს, 19 მაისს თბილისის აეროპორტში რუსული თვითმფრინავი დაჯდა. დღეიდან საქართველოში რეისებს განახორციელებენ რუსული ავიაკომპანიები, რომლებიც სანქცირებული არიან უკრაინისა და აშშ-ს მიერ.

რუსეთი აგრძელებს ომს უკრაინისა და ცივილიზებული სამყაროს წინააღმდეგ. რუსეთი აგრძელებს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას, ჩვენი მოქალაქეების გატაცებასა და მკვლელობას. ამის ფონზე კი საქართველოს ხელისუფლება რუსულ თვითმფრინავებს საქართველოს ცას უხსნის და მათ ტაშით ეგებება.
საქართველოს მხრიდან რუსეთთან სავიზო რეჟიმის არარსებობა, ფრენების დანიშვნა, ეკონომიკური თანამშრომლობა, სანქციების უგულებელყოფა - საფრთხეს უქმნის ჩვენს ეროვნულ მიზანს, ევროინტეგრაციას.
საქართველოს მთავრობა ვალდებულია დააწესოს შეზღუდვა რუსეთის მოქალაქეების საქართველოში შემოსვლასთან დაკავშირებით.
საქართველოს მთავრობა ვალდებულია აკრძალოს რუსული თვითმფრინავების შემოსვლა საქართველოს ტერიტორიაზე.
საქართველოს მთავრობა ვალდებულია შეუერთდეს საერთაშორისო სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ.
ამიტომ ახლა, ისევ ჩვენ, საქართველოს მოქალაქეებს მოგვიწევს ჩვენი მტკიცე პოზიციის დაფიქსირება და ევროპული მომავლის დაცვა.
გელოდებით დღეს, 20:00 საათზე, პარლამენტის წინ.
რუსული თვითმფრინავი ევროკავშირში არ ჯდება"
* * *

რუსული თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დაეშვა. ფრენებზე შეზღუდვის მოხსნის შემდეგ ეს მოსკოვიდან პირველი რეისია.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში პირველი რუსული რეისის ჩამოფრენის პარალელურად საპროტესტო აქცია გაიმართა, რომელზეც აქტივისტები დააკავეს.

პოლიციამ, სულ მცირე, 6 ადამიანი დააკავა.

ფორმულას ინფორმაციით, პოლიციამ დააკავა მოძრაობა დროას წევრები შუშანა მაცაბერიძე და თათა ხუნდაძე, პარტია გირჩი - მეტი თავისუფლების წევრები გელა ხასაია, ექიმი გიორგი ახობაძე, პოლიტიკოსი ლევან თარხნიშვილი და აქტივისტი ნატა ფერაძე.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმა. ოფიციალურ პორტალზე გამოქვეყნებული განკარგულების თანახმად, გადაწყვეტილება ძალაში 2023 წლის 15 მაისიდან ამოქმედდა. პუტინმა რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოში ფრენაზე შეზღუდვებიც მოუხსნა.

ქართული ოცნება მანიპულირებს, თითქოს რუსეთისგან სავიზო რეჟიმის გაუქმება და ფრენების აღდგენა ისევ ქართველებისთვის არის დადებითი გადაწყვეტილება, რადგან ეს რუსეთში მყოფებს ცხოვრებას გაუადვილებს.