გასული კვირაში ანონიმურ ტელეგრამ არხებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი კომაშია. მოგვიანებით ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს სადაზვერვო სამმართველოს წარმომადგენელმაც დაწერა. მისი განცხადებით, კადიროვის მდგომარეობა, სავარაუდოდ, გაუარესდა, რამაც "სერიოზული მდგომარეობა გამოიწვია".
გარდა ამისა, უკრაინული გამოცემა Obozrevatel წყაროებზე დაყრდნობით იმავეს იტყობინებოდა. წერდნენ, რომ თავდაპირველად ის სამკურნალოდ მოსკოვში გაგზავნეს, თუმცა შემდეგ მისი საზღვარგარეთ გადაყვანის შესაძლებლობაც განიხილებოდა. ასევე, იუწყებოდნენ, რომ კადიროვს თირკმლის ტრანსპლანტაცია ჩაუტარდა, მაგრამ პრობლემები შეიქმნა, რის გამოც მეორე ოპერაციისთვის ამზადებდნენ. ვრცელდებოდა ინფორმაცია მის გარდაცვალებაზეც.
17 სექტემბერს ტელეგრამ არხებში გამოჩნდა ინფორმაცია, რომ ჩეჩნური სანომრე ნიშნის მქონე მანქანები პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცენტრალურ საავადმყოფოში მიდიოდნენ. იმავე დღეს კადიროვის ტელეგრამზე ვიდეო გავრცელდა, სადაც ჩანს, რომ ის სეირნობს. ვიდეოს გადაღების ადგილი და დრო მითითებული არ არის, თუმცა ეწერა:
"ყველას, ვინც ვერ არჩევს ინტერნეტში სიმართლეს სიცრუისგან, გაისეირნოს სუფთა ჰაერზე და მოიწესრიგოს აზრები, წვიმა საოცრად გამამხნევებელია".
"პრეზიდენტის ადმინისტრაცია არ გასცემს ჯანმრთელობის ცნობებს, შესაბამისად, არაფერი გვაქვს სათქმელი", - ასე უპასუხა დღეს პუტინის პრესსპიკერმა პესკოვმა კადიროვის შესახებ დასმულ კითხვას. კითხვაზე, იყო თუ არა კადიროვი გასულ კვირას მოსკოვში ჩასული და შეხვდა თუ არა პუტინს, პესკოვი ამბობს, რომ არა.