სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ რუსული კანონის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში შესატანი სარჩელი უკვე მზად არის და სასამართლოში დღეს გაიგზავნება.
არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების თქმით, პარალელურად მიმდინარეობს სარჩელის მომზადება ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გასაგზავნად.
"რუსული კანონის მიღებით ხელისუფლება აყალიბებს მტრულ გარემოს, სადაც რისკად და საფრთხედ არის გამოცხადებული სხვადასხვა უფლებით, მათ შორის, გაერთიანებისა და გამოხატვის თავისუფლებით სარგებლობა. მივესალმებით საქართველოს პრეზიდენტის და პარლამენტის წევრთა გადაწყვეტილებას, მიმართონ საკონსტიტუციო სასამართლოს. კონსტიტუციის 78-ე მუხლი, რომელთანაც ეს სუბიექტები ითხოვენ სადავო ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობას, წარმოადგენს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის ქვაკუთხედს.
ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო უმოკლეს ვადაში განიხილავს სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების შუამდგომლობას და დააკმაყოფილებს მას. ამასთან გაცნობებთ< რომ ჩვენ ვემზადებით საჩივრის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში წარსადგენად. კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, რომ არ ვიცხოვრებთ რუსული კანონის წესებით და გამოვიყენებთ ყველა ეროვნულ თუ საერთაშორისო მექანიზმს, მისი მოქმედების შესაჩერებლად, შესაფერხებლად, მის სრულ, საბოლოო გაუქმებამდე. კი ევროპას, არა რუსულ კანონს!", - აცხადებენ NGO-ების წარმომადგენლები.
საკონსტიტუციო სასამართლოში რუსული კანონის წინააღმდეგ სარჩელი უკვე შეიტანა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა. ასევე, სარჩელის შეტანას აპირებენ ოპოზიციონერი დეპუტატებიც.
პლატფორმა ერთიანობის ლიდერის თამარ კორძაიას ინფორმაციით, დეპუტატები სარჩელს თვის ბოლოს შეიტანენ. მისი თქმით, კანონი კონსტიტუციის 78-ე და 22-ე მუხლებს არღვევს.
ამასთან, სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი რუსული კანონის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში გასაგზავნ 2 სარჩელთან დაკავშირებით ამბობს, რომ ომბუდსმენის აპარატი ჩართული იქნება განხილვის პროცესში, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, რა ფორმით.
სახალხო დამცველს შეუძლია, პრეზიდენტისა და სამოქალაქო სექტორის მსგავსად, ანალოგიურად მოამზადოს სარჩელი რუსული კანონის წინააღმდეგ, ან სასამართლოს მეგობრის სტატუსით მიმართოს და ამ ფორმით დააფიქსიროს პოზიცია.