ხვალ, 30 აპრილს რუსული კანონის საწინააღმდეგო მორიგი აქციები გაიმართება.
ერთი აქცია პარლამენტთან 12:00 საათზე დაიწყება. ცნობილია, რომ ამ დროს საკანონმდებლო ორგანოში პლენარული სხდომაა დაგეგმილი - მმართველი გუნდი რუსულ კანონს სავარაუდოდ ხვალ განიხილავს.
მეორე აქცია კი საღამოს 19:00 საათზეა დაანონსებული. აქციის ორგანიზატორები ამბობენ, რომ "მოქალაქეების მკაფიოდ გამოხატული ნება, საქართველო გახდეს ევროკავშირის სრულყოფილი წევრი, დასაცავია".
"30 აპრილს, 19:00 საათზე, პარლამენტის წინ კვლავ ვაპროტესტებთ რუსულ კანონს. რუსული კანონი გვაშორებს ევროპას! საქართველოს მოქალაქეების მკაფიოდ გამოხატული ნება, საქართველო გახდეს ევროკავშირის სრულყოფილი წევრი, დასაცავია! რუსული კანონის პროექტის მეორე მოსმენა შესაძლოა გაიმართოს 30 აპრილს, 1 მაისს, 2 მაისს ან 3 მაისს. სავარაუდოდ, ერთ დღეს დაწყებული მეორე მოსმენა კენჭისყრისთვის გადაიწევს მეორე დღეს. ამდენად, 30-ში ვიწყებთ მეორე მოსმენით კანონის მიღების გაპროტესტებას. საქართველოს მოქალაქეებო, დავდგეთ ერთად და ხელი შევუშალოთ საქართველოს რუსეთიზაციას. ვანახოთ ხელისუფლებას, რომ ძალა ჩვენშია, ძალა ხალხშია, უნდა მოგვისმინონ! არა რუსულ კანონს!", - წერია აქციის ანონსში.