რუსულ კანონთან დაკავშირებით 12 ქვეყნის საგარეო მინისტრი ბორელსა და ვარჰეის მიმართავს

რუსულ კანონთან დაკავშირებით 12 ქვეყნის საგარეო მინისტრი ბორელსა და ვარჰეის მიმართავს

12 ევროპული ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ევროკომისიის უმაღლეს წარმომადგენელს ჯოზეფ ბორელსა და ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის მიმართავს. საკუთარ მიმართვაში ისინი შეშფოთებას გამოთქვამენ რუსული კანონის მიღების გადაწყვეტილებით. ამასთან, მინისტრები მოუწოდებენ ბორელსა და ვარჰეის ზეპირად განაცხადონ, რა გავლენა ექნება შეთავაზებულ კანონმდებლობას 9 ნაბიჯის შესრულებაზე.

ერთობლივ განცხადებაში წერია, რომ საქართველოში სწრაფად გაუარესებული ვითარების გამო მინისტრები შეშფოთებით მიმართავენ ევროკომისიის წარმომადგენლებს. როგორც წერილშია აღნიშნული, ჩანს, რომ საქართველოს მთავრობა ადგას იმ გზას, რაც საფრთხეს უქმნის ქვეყნის შესაძლებლობას ევროპულ და ევროატლანტიკურ გზაზე წინ წაიწიოს.

"რამდენადაც საქართველოს პარლამენტი იღებს კანონს ე.წ. უცხოური გავლენის შესახებ, მიუხედავად შეშფოთების მრავალი სიგნალის როგორც საკუთარი სამოქალაქო საზოგადოების, ისე საქართველოს პარტნიორების მხრიდან, ჩვენ უნდა ვიპოვოთ შემდგომი გზები, რათა გავუგზავნოთ ცალსახა გზავნილი თბილისს, რომ ეს კანონმდებლობა შეუთავსებელია საქართველოს პროგრესთან ევროკავშირის გზაზე", - ვკითხულობთ განცხადებაში.

გარდა ამისა, 12 ევროპელი მინისტრი აღნიშნავს, რომ ძალის გამოყენება მშვიდობიანი მომიტინგეებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ, ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლების დათრგუნვა არ შეესაბამება დემოკრატიასა და ევროპულ ღირებულებებს.

"მთავრობის შებრუნება დემოკრატიული დასავლეთიდან საკუთარ გამოსვლაში ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარემაც გააძლიერა.

ახლა პირდაპირ და ცხად გზავნილს დიდი მნიშვნელობა აქვს საქართველოს ევროპული მომავლის უზრუნველსაყოფად. აქედან გამომდინარე, უნდა იქნა მითითებული კონკრეტული შედეგები, თუ საქართველოს მმართველი პარტია მიიღებს კანონს, რომელიც არ შეესაბამება ევროკავშირის ძირითადად ნორმებსა და ღირებულებებს. ჩვენი პრინციპული პოზიცია და მტკიცე ქმედება არის ის, რასაც ჩვენგან ელის ქართველი ხალხი, რომელიც თავისი ქვეყნის ევროპული მომავლისკენ ისწრაფვის.

ამ ვითარებაში გთხოვთ უზრუნველყოთ ევროკომისიის ზეპირი განცხადება იმაზე, თუ რა გავლენა ექნება შეთავაზებულ კანონმდებლობას 9 ნაბიჯის შესრულებაზე. ასევე გთხოვთ, ამ საკითხს მიენიჭოს პრიორიტეტი და უზრუნველყოთ, რომ ეს კანონის საბოლოო მიღებამდე მოხდეს" - აღნიშნულია განცხადებაში.

განცხადებას ხელს აწერენ ჩეხეთის, დანიის, ესტონეთის, ფინეთის, საფრანგეთის, გერმანიის, ირლანდიის, ლატვიის, ლიეტუვის, ნიდერლანდების, პოლონეთისა და შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტროები.