რუსეთთან ტყვეების გაცვლის შედეგად უკრაინამ 189 მოქალაქე დაიბრუნა

რუსეთთან ტყვეების გაცვლის შედეგად უკრაინამ 189 მოქალაქე დაიბრუნა

რუსეთთან ტყვეების გაცვლის შედეგად უკრაინამ 189 მოქალაქე დაიბრუნა.

უკრაინის საკოორდინაციო შტაბის ცნობით, ეს რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ ტყვეების ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური გაცვლაა.

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, გათავისუფლებულ ადამიანებს შორის, სამხედროებსა და ჯარისკაცებთან ერთად, ორი მშვიდობიანი მოქალაქეა.

"ჩვენი ხალხის დაბრუნება რუსული ტყვეობიდან ყოველთვის ძალიან კარგი ამბავია თითოეული ჩვენგანისთვის. დღეს ერთ-ერთი ასეთი დღეა: ჩვენმა გუნდმა 189 უკრაინელის სახლში დაბრუნება მოახერხა. ესენი არიან სამხედროები - დამცველები აზოვსტალისა და მარიუპოლიდან, ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურიდან, კუნძულ ზმეინიდან, ფრონტის სხვადასხვა მიმართულებიდან.

მათ შორის არიან ჯარისკაცები, სერჟანტები,ოფიცრები. ასევე ეროვნული გვარდიის წევრები, მათ შორის აზოველები, მესაზღვრეები, შეიარაღებული ძალების ჯარისკაცები. ასევე, ორი მშვიდობიანი მოქალაქე, რომლებიც მარიუპოლში ჩავარდნენ ტყვედ"- აცხადებს ზელენსკი.