რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნების ბოლო დღეს 14 ქალაქში, სულ მცირე, 51 ადამიანი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ მედუზა ODF-Info–ზე დაყრდნობით ავრცელებს.
უფლებადამცველთა თქმით, დაკავებულთა ყველაზე დიდი რაოდენობა ყაზანსა და მოსკოვში დაფიქსირდა.
დღეს ქვეყნის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მიმართ ოპოზიციურად განწყობილმა მოსახლეობამ საარჩევნო უბნებთან აქცია გამართა.
კერძოდ, აქციის - "შუადღე პუტინის წინააღმდეგ", მთავარი მიზანი პუტინის წინააღმდეგ ხმის მიცემა, ან საარჩევნო ბიულეტენის დაზიანებაა.
დაღუპული ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის თანამოაზრეებმა, აქციას ნავალნის "ანდერძი" უწოდეს.
***
რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები 15 მარტს დაიწყო - ხმის მიცემა 17 მარტის ჩათვლით გაგრძელდება. რუსეთის ცესკოს ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით 94 ათასი საარჩევნო უბანი მოქმედებს, რომლებიც 08:00 საათიდან 20:00 საათამდე იქნება გახსნილი.
არჩევნებში ოთხი კანდიდატი მონაწილეობს და მათ შორისაა ვლადიმირ პუტინი, რომელიც მეხუთე ვადით იყრის კენჭს. პუტინის კონკურენტებმა უარი თქვეს თავიანთ კამპანიაში საჯაროდ გაეკრიტიკებინათ მოქმედი პრეზიდენტი. ამასთან, რუსეთის ცესკომ არც ერთი ოპოზიციონერი ან ანტისაომარი პოზიციის მქონე კანდიდატი არ დაარეგისტრირა.