
რუსეთის ქალაქ ეკატერინბურგში დაკავებული აზერბაიჯანული დიასპორის ხელმძღვანელი, შაჰინ შიხლინსკი, დაკითხვის შემდეგ გაათავისუფლეს. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედიები მის შვილზე დაყრდნობით ადასტურებენ.
შიხლინსკის შვილმა რუსულ მედიებს განუმარტა, რომ შაჰინ შიხლინსკი ერთ-ერთი მოწმეა ძმები საფაროვების წინააღმდეგ აღძრულ სისხლის სამართლის საქმეში, რომელიც დაკავშირებულია ეკატერინბურგში 2001-2011 წლებში მომხდარი მკვლელობებისა და მკვლელობის მცდელობების სერიის გამოძიებასთან.
შეგახსენებთ, რომ შიხლინსკის ძალადობრივი დაკავების ამსახველი კადრები გუშინ გავრცელდა. ვიდეოში, რომელიც სოციალურ ქსელებში გავრცელდა, სამართალდამცველები შიხლინსკის ავტომობილს "ბაქუ პლაზასთან" აჩერებენ, მინებს უმტვრევენ და მასთან ერთად მისი ვაჟიც ძალადობრივად მანქანიდან გამოჰყავთ. მისი ვაჟი მალევე გაათავისუფლეს.