
წელს, ვიდრე ოდესმე, ვცდილობ, რომ უფრო ღრმად გავიაზრო დემოკრატიის არსი. მჯერა, რომ ისტორიის ეს მომენტი მოითხოვს დემოკრატიის, ჩვენი თავისუფლებების და მომავალი თაობებისადმი ჩვენი ვალდებულებების ღრმად გააზრებას. ახლაც, ბევრი სხვა ადამიანი იხდის ფასს დემოკრატიის დაცვისთვის. დღესაც, ხელისუფლების ოპონენტი მოქალაქეები პატიმრობაში არიან. სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები სამიზნედ იქცნენ კანონის უზენაესობის, თავისუფალი მედიის და თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ხელშეწყობისთვის და ასევე არიან ჩვეულებრივი მოქალაქეები, რომლებიც რადიკალებად იწოდებიან, რადგან მათი შეხედულებები განსხვავდება ხელისუფლების წარმომადგენლების შეხედულებებისგან.
როგორც ჩვენმა ვიცე-პრეზიდენტმა თქვა, თქვენ ვერ მოიპოვებთ დემოკრატიულ მანდატს თქვენი ოპონენტების გაჩუმებით ან მათი ციხეში ჩასმით, ასევე, ვერ მოიპოვებთ მას თქვენი ძირითადი ამომრჩევლის იგნორირებით, ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ის, თუ ვინ უნდა იყოს ჩვენი საერთო საზოგადოების ნაწილი. ჩვენთვის, ვინც დემოკრატიის თავისუფლებით ვსარგებლობთ, არასდროს უნდა მივიღოთ ის, როგორც თავისთავადი მოცემულობა. ყოველთვის გავწიოთ ძალისხმევა იმ თავისუფლებების დასაცავად და გასაძლიერებლად, რომლებიც ჩვენთვის ძვირფასია. ჯონ კენედის სიტყვებით, თავისუფლების ფასი არის მუდმივი სიფხიზლე. ეს იყო ფასი გუშინ, არის დღეს და ასე იქნება მუდამ. დასასრულს, მინდა შევეხო იმას, რაც დემოკრატიის სასიცოცხლო ძარღვია - ოპტიმიზმი. მე ოპტიმისტურად ვარ განწყობილი დემოკრატიის მიმართ აშშ-ში და აქ, საქართველოში.
განაცხადა რობინ დანიგანმა აშშ-ის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლის დროს.