იოზვიაკი: EU იმედისა და POSTV-სთვის სანქციების დაწესებას გეგმავს

იოზვიაკი: EU იმედისა და POSTV-სთვის სანქციების დაწესებას გეგმავს

"რადიო თავისუფლების" ევროპული ბიუროს უფროსი, რიკარდ იოზვიაკი წერს, რომ ევროკავშირი გაგმავს "იმედისა" და "POSTV"-ს სანქციები დაუწესოს "რუსული ჰიბრიდული საფრთხეების სანქციების რეჟიმის ფარგლებში".

"ევროკავშირი განიხილავს ქართული მედიასაშუალებების, "იმედისა" და "POSTV"-ის სანქცირებას რუსული ჰიბრიდული საფრთხეების სანქციების რეჟიმის ფარგლებში", - წერს იოზვიაკი.

ეს ნაბიჯი ნიშნავს, რომ დასანქცირების შემთხვევაში, აღნიშნული ტელევიზიები ევროკავშირში ბიუროს გარეშე დარჩებიან.

საქმიანობის განხორციელებას ვერ შეძლებენ საქართველოდან ჩასული მათი ჟურნალისტებიც.

სანქციები მიემართება იმ ადამიანებს, რომლებიც ჩართულნი არიან რუსეთის ხელისუფლების ისეთ ქმედებებში, რაც საფრთხეს უქმნის ევროკავშირისა და მისი წევრი ქვეყნების ძირითად ღირებულებებს, მათ უსაფრთხოებას, სტაბილურობას, დამოუკიდებლობასა და ტერიტორიულ მთლიანობას.

სანქციები უწესდებათ იმ პირებსაც, რომლებიც ჰიბრიდულ საქმიანობას ახორციელებენ მესამე სახელმწიფოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წინააღმდეგ.

ცნობისთვის, ევროპულმა საბჭომ რუსეთის ჰიბრიდული საფრთხეების მიმართ შემზღუდავი ზომების ვადა კიდევ ერთი წლით, 2026 წლის 9 ოქტომბრამდე გაახანგრძლივა.

ეს შეზუღუდვები დაწესებულია იმ პირების წინააღმდეგ, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან რუსეთის საზღვარგარეთ დესტაბილიზაციისკენ მიმართულ ქმედებებზე. ეს გადაწყვეტილება მიღებულ იქნა რუსეთის მიერ განხორციელებული ჰიბრიდული აქტივობების, მათ შორის, "უცხოური ინფორმაციული მანიპულაციისა და ჩარევის" (FIMI) გამო, ევროკავშირის, მისი წევრი სახელმწიფოებისა და პარტნიორების წინააღმდეგ.

რუსეთის მიერ დესტაბილიზაციისკენ მიმართული აქტივობების გამო, შემზღუდავი ზომები ამჟამად 47 ფიზიკურ პირსა და 15 ორგანიზაციას ეხება.

სანქცირებული პირები ექვემდებარებიან აქტივების გაყინვას, ხოლო ევროკავშირის მოქალაქეებსა და კომპანიებს ეკრძალებათ მათთვის ფულადი სახსრების, ფინანსური აქტივების ან ეკონომიკური რესურსების მიწოდება. ფიზიკურ პირებს ასევე შეეზღუდებათ ევროკავშირის ტერიტორიაზე შესვლა ან ტრანზიტული ვიზიტი.