კოალიცია ცვლილებისთვის: რეჟიმის ამორალური ქმედება არ გამოხატავს ხალხის პოზიციებს

კოალიცია ცვლილებისთვის: რეჟიმის ამორალური ქმედება არ გამოხატავს ხალხის პოზიციებს

კოალიცია ცვლილებისთვის ქართული ოცნების საგარეო საქმეთა მინისტრის მაკა ბოჭორიშვილის მოადგილის ირანის საელჩოში მისვლასა და მათთვის სოლიდარობის გამოცხადებაზე განცხადებას ავრცელებს.

კოალიცია აცხადებს, რომ "ივანიშვილის რეჟიმის მორიგი ამორალური ქმედება არ გამოხატავს ქართველი ხალხის პოზიციებს".

"დღეს, ივანიშვილის საგარეო საქმეთა მინისტრის ე.წ. მოადგილე იმყოფებოდა ირანის საელჩოში, სადაც დაესწრო ე.წ. სოლიდარობის ღონისძიებას, რითიც მხარდაჭერა გამოუცხადა ტერორისტულ რეჟიმს.

ივანიშვილოს რეჟიმისა და მისი საგარეო საქმეთა სამინისტროს მორიგი ამორალური ქმედება არ გამოხატავს ქართველი ხალხის პოზიციებს და არის საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი", - ვკითხულობთ განცხადებაში.

საქართველოში ირანის საელჩოს ცნობით, ქართული ოცნების საგარეო საქმეთა მინისტრის მაკა ბოჭორიშვილის მოადგილემ ალექსანდრე ხვთისიშვილმა ირანის მიმართ სამძიმარი და სოლიდარობა გამოთქვა.

საელჩოს თანახმად, ალექსანდრე ხვთისიშვილი საელჩოში გამართულ ღონისძიებას დაესწრო, რომელიც "ირანის ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ ისრაელის რეჟიმის მიერ განხორციელებული თავდასხმის დროს დაღუპულ მოწამეთა ხსოვნას" ეძღვნებოდა.

ისრაელის საელჩოში აცხადებენ, რომ შეშფოთებულები არიან ქართული ოცნების საგარეო საქმეთა მინისტრის მაკა ბოჭორიშვილის მოადგილის მიერ ირანის საელჩოში გამართულ სოლიდარობის ღონისძიებაზე დასწრებით.

ფორმულას ისრაელის საელჩოში უთხრეს, რომ "ღრმად იმედგამაცრუებელია" ასეთ ღონისძიებაში საგარეო საქმეთა მოადგილის მონაწილეობის ხილვა.