
The Times-ში ბრიტანელი პოლიტიკური მიმომხილველი ედვარდ ლუკასი სტატიას აქვეყნებს, რომელშიც საქართველოში პოლიტიკური რეპრესიების გაძლიერებაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებმა საერთაშორისო ყურადღება უნდა მიიპყროს.
სტატიის თავშივე გამოყოფილია ნინო ევგენიძე, ეკონომიკური პოლიტიკის კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელი, როგორც "ერთ-ერთი მაგალითი იმისა, თუ როგორ დევნის ხელისუფლება კრიტიკულ არასამთავრობო ორგანიზაციებს".
"ახლა ჩემი ჯერია", - უთხრა ნინო ევგენიძემ The Times-ს და აღნიშნა, რომ საბჭოთა რეპრესიების გამოცდილება მის ოჯახს კარგად ახსოვს და დღევანდელი ხელისუფლების ნაბიჯები სწორედ ამ ტრადიციის გაგრძელებას ჰგავს.
ავტორი წერს, რომ საქართველოში პროდასავლური აქტივისტების, ანალიტიკური ცენტრებისა და დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ წარმოებული ბრძოლა სულ უფრო მკაცრ ფორმებს იძენს. ის აღნიშნავს, რომ მზარდი რეპრესიები "კრემლის მიერ მხარდაჭერილმა რეჟიმმა გასული წლის გაყალბებული არჩევნების შემდეგ გააძლიერა" და აღნიშნავს, რომ ხელისუფლება ამ ნაბიჯებს "კანონის ფარგლებში" ახორციელებს, რაც, ავტორის თანახმად, ქმნის იურიდიულ ხაფანგს, სადაც განსხვავებული აზრი საფრთხეშია.
ავტორი აღნიშნავს, რომ საქართველოში მიმდინარე მოვლენები მხოლოდ შიდა პოლიტიკის საქმე არ არის - ისინი ბრიტანეთისთვისაც მნიშვნელოვანია და ასევე, ისინი გავლენას ახდენს შავი ზღვის რეგიონულ სტაბილურობაზე, სადაც რუსეთი ცდილობს გავლენის გაფართოებას, ხოლო ირანი და ჩინეთიც უკვე მძლავრად არიან წარმოდგენილნი.
ავტორი აღნიშნავს, რომ წარმატებული რეპრესიები მხოლოდ პროდასავლელი ქართველებისთვის იქნება კატასტროფა - ასევე, ამბობს, რომ ეს ნიშნავს რუსული იმპერიალიზმის გამარჯვებას, გარდა რუსულისა კი - ირანისა და ჩინეთის, რომლებიც "მძლავრად არიან წარმოდგენილი საქართველოში" და გამოყოფს, რომ "ირანის რევოლუციური გვარდიის კორპუსი - მაფიოზური მილიცია - უკვე იყენებს საქართველოს, როგორც სანქციების თავიდან არიდების და სხვადასხვა არალეგალური ქმედებების განხორციელების სივრცეს".
The Times-ის სტატიაში ავტორი ხაზს უსვამს, რომ ბრიტანეთს საქართველოში გავლენა აქვს და ციტირებს კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი წევრის, მარიკა მიქიაშვილის სიტყვებს, რომელიც ამბობს, რომ "ყველაზე მეტად რეჟიმს ბრიტანული სანქციების ეშინია".
ავტორი წერს, რომ ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ საქართველოს ხელისუფლების ქმედებებზე უკმაყოფილების გამოხატვის მიუხედავად, დასავლეთის რეაქცია ჯერ კვლავაც რბილია, კერძოდ, ის ამბობს, რომ ამ კვირაში დიდი ბრიტანეთის საგარეომ საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებული გამოიძახა, თუმცა აღნიშნავს, რომ სხვა ევროპელი ლიდერები ყოყმანობენ - "ეშინიათ, რომ თბილისზე ზეწოლამ შესაძლოა საქართველო უფრო მეტად დააახლოვოს რუსეთთან, ბრიტანეთი კი ცდილობს, მათ გამბედაობა შემატოს და ის [დიდი ბრიტანეთი] უნდა იყოს მაგალითი - დააწესოს დამატებითი სანქციები, მათ შორის ვიზების აკრძალვა და ქონების გაყინვა".
ავტორი წერს, რომ 2003 წლის ვარდების რევოლუციის შემდეგ, საქართველო იყო თავისუფალი ქვეყანა, სადაც ადამიანები პროფესიულ და ყოველდღიურ ცხოვრებას "პოლიტიკური ჩარევისა და შიშის გარეშე ეწეოდნენ", მაგრამ აღნიშნავს, რომ "ახლა ასე აღარ არის".
"დღეს ქართველების წინაშე არჩევანია - ემიგრაცია, დამციხრება ან წინააღმდეგობა. ღირს დაფიქრება - ჩვენ რას გავაკეთებდით მათ ადგილას?", - წერს ის.
ავტორი აღნიშნავს, რომ ქვეყანაში წინააღმდეგობის ფასი სულ უფრო იზრდება და გამოყოფს აქციებზე დგომისთვის დაკისრებულ ჯარიმებს და აღნიშნავს, რომ ქუჩაში გასვლა შესაძლოა დასრულდეს ჯარიმით, ანგარიშის გაყინვით ან საპატიმრო სასჯელით. ამასთან, წერს საჯარო სამსახურებიდან გათავისუფლებულებზეც და ამბობს, რომ რომ ბევრ საჯარო მოხელეს, მათ შორის მაღალი რანდის დიპლომატს შალვა წიწიკაშვილს, უკვე მიღებული აქვს გადაწყვეტილება - დატოვოს თანამდებობა, რათა დარჩეს საკუთარ პრინციპებთან ერთგული.