ოცნების საგარეოს კომენტარი ბოჭორიშვილის მოადგილის ირანის საელჩოში მისვლაზე

ოცნების საგარეოს კომენტარი ბოჭორიშვილის მოადგილის ირანის საელჩოში მისვლაზე

ქართული ოცნების საგარეო საქმეთა სამინისტრო მინისტრ მაკა ბოჭორიშვილის მოადგილის ირანის საელჩოში მისვლასა და მათთვის სოლიდარობის გამოცხადებაზე კომენტარს აკეთებს.

"საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო 2025 წლის 13 ივნისს ოფიციალური განცხადებით გამოეხმაურა ახლო აღმოსავლეთში ესკალაციას.

"ჩვენ ღრმად შეშფოთებულები ვართ ახლო აღმოსავლეთში მზარდი დაძაბულობით, რაც საფრთხეს უქმნის რეგიონულ უსაფრთხოებას. ჩვენ განსაკუთრებულად ვუსვამთ ხაზს დიპლომატიური ძალისხმევის მნიშვნელობას დეესკალაციისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად".

2025 წლის 26 ივნისს ირანის საელჩომ ოფიციალური ნოტით მიმართა საგარეო საქმეთა სამინისტროს, ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოში სამძიმრის წიგნის გახსნის შესახებ და თბილისში გახსნილ სამძიმრის წიგნში ირანის მოქალაქეების დაღუპვასთან დაკავშირებით გაკეთდა შესაბამისი ჩანაწერი", - ვკითხულობთ კომენტარში.

საქართველოში ირანის საელჩოს ცნობით, ქართული ოცნების საგარეო საქმეთა მინისტრის მაკა ბოჭორიშვილის მოადგილემ ალექსანდრე ხვთისიშვილმა ირანის მიმართ სამძიმარი და სოლიდარობა გამოთქვა.

საელჩოს თანახმად, ალექსანდრე ხვთისიშვილი საელჩოში გამართულ ღონისძიებას დაესწრო, რომელიც "ირანის ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ ისრაელის რეჟიმის მიერ განხორციელებული თავდასხმის დროს დაღუპულ მოწამეთა ხსოვნას" ეძღვნებოდა.

ისრაელის საელჩოში აცხადებენ, რომ შეშფოთებულები არიან ქართული ოცნების საგარეო საქმეთა მინისტრის მაკა ბოჭორიშვილის მოადგილის მიერ ირანის საელჩოში გამართულ სოლიდარობის ღონისძიებაზე დასწრებით.

ფორმულას ისრაელის საელჩოში უთხრეს, რომ "ღრმად იმედგამაცრუებელია" ასეთ ღონისძიებაში საგარეო საქმეთა მოადგილის მონაწილეობის ხილვა.