რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა უკრაინის მხარეს მებრძოლი კიდევ ერთი ქართველი სამხედროს წინააღმდეგ საქმე აღძრა.
საუბარია ლადო გამსახურდიაზე, რომელსაც რუსეთი ტერორიზმის მუხლით ედავება.
რუსული სამთავრობო პროპაგანდისტული მედია Ria Novosty საგამოძიებო კომიტეტზე დაყრდნობით წერს, რომ მას ბრალად ედება რუსეთის ტერიტორიაზე, კურსკის ოლქში მცხოვრებთა წინააღმდეგ დანაშაულებში მონაწილეობა.
თავად მებრძოლი ფორმულასთან საუბრისას ამბობს, რომ კურსკის ოლქში მცხოვრებ მშვიდობიან მოსახლეობაზე არანაირი ზეწოლა არ ყოფილა და ბრალდებას აბსურდს უწოდებს.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ოკუპანტმა რუსეთმა უკრაინის მხარეს მებრძოლი ქართველი სამხედროების წინააღმდეგ საქმე აღძრა. 2023 წლის 28 ივლისს რუსეთმა ქართული ლეგიონის 70-მდე წევრი, მათ შორის მამუკა მამულაშვილი, დაუსწრებლად ცნო დამნაშავედ.
29 ივნისს, რუსეთის საგამოძიებო კომისიამ 33 ქვეყნის 160 მოქალაქის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა, მათ შორის არიან ქართველი სამხედროები.