უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის მუდმივი სამხედრო მხარდაჭერის, კერძოდ კი, რუსეთისთვის ბალისტიკური რაკეტების გადაცემის საპასუხოდ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ირანს სანქციები დაუწესა.
აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოცხადებული სანქციების ახალი სია მოიცავს ირანისა და რუსეთის 10 ფიზიკურ და 6 იურიდიულ პირს, ასევე 4 გემს, რომელთა მეშვეობითაც თეირანი რუსეთს იარაღს, მათ შორის, უპილოტო საფრენ აპარატებს აწვდიდა.
გარდა ამისა, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დამატებითი შეზღუდვები დაუწესა ირანის მთავარ ავიაკომპანიას - Iran Air-ს.
სახელმწიფო დეპარტამენტმა სანქციების სიაში შეიყვანა 3 ორგანიზაცია და განკარგულება გასცა 5 გემის კონფისკაციაზე, რომლებიც რუსეთისთვის ირანული შეიარაღების სისტემების გადაცემაში იღებდნენ მონაწილეობას.
სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა სანქციების ახალი პაკეტი დღეს, ლონდონში გამართულ პრესკონფერენციაზე დააანონსა. ასევე, ამავე პრესკონფერენციაზე მან დაადასტურა, რომ ირანმა რუსეთს უკრაინის ქალაქების დასაბომბად ბალისტიკური რაკეტები გადასცა.
ცოტა ხნის წინ რუსეთისა და ირანის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტი დიდმა ბრიტანეთმაც გამოაცხადა.
თავდაპირველად ინფორმაცია, რომ ირანმა რუსეთს მოკლე რადიუსის ბალისტიკური რაკეტები გაუგზავნა ამერიკელ და ევროპელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით 6 სექტემბერს გამოცემა Wall Street Journal-მა გაავრცელა.
ირანის მიერ რუსეთისთვის ბალისტიკური რაკეტების გადაცემა დაგმეს დიდმა ბრიტანეთმა, საფრანგეთმა და გერმანიამ.