
რუსეთის მიერ პოლონეთის საჰაერო სივრცის დარღვევის გამო თბილისი-ვარშავას რეისი ვროცლავში დაჯდა.
ავიაკომპანია LOT-ის თვითმფრინავი თბილისიდან დილის 04:26 საათზე აფრინდა, თუმცა საფრთხის გამო ვარშავის შოპენის აეროპორტმა ის ვერ მიიღო. თვითმფრინავი ვროცლავის აეროპორტში გადამისამართდა.
რუსული დრონების მიერ პოლონეთის საჰაერო სივრცის დარღვევის გამო ვარშავის აეროპორტი რამდენიმე საათით დახურეს. ამ დროისთვის, აეროპორტი ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას.
პოლონეთის შეიარაღებული ძალების ოპერატიული სარდლობის განცხადებით, ქვეყნის საჰაერო სივრცე რუსულმა დრონებმა დაარღვიეს.
მათ აღნიშნულ ფაქტს აგრესიის აქტი უწოდეს.
"გასულ ღამეს უკრაინაზე რუსეთის ფედერაციის მიერ განხორციელებულმა თავდასხმამ, მათი დრონების მიერ პოლონეთის საჰაერო სივრცის უპრეცედენტო დარღვევა. ეს არის აგრესიის აქტი, რომელიც რეალურ საფრთხეს უქმნის ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებას", - აცხადებენ პოლონეთის შეიარაღებულ ძალებში.
ოპერატიული სარდლის ბრძანებით, „დაცვის პროცედურები დაუყოვნებლივ ამოქმედდა“.
პოლონეთის შეიარაღებული ძალების ოპერატიულმა სარდლობამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ისინი აკონტროლებენ არსებულ სიტუაციას და რომ პოლონური და მოკავშირე ძალები და საშუალებები „მომდევნო ქმედებებისთვის სრულ მზადყოფნაში რჩებიან“.