რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ მინისტრი სერგეი შოიგუ ათვალიერებს დასავლეთის ძალების ჯგუფის წინა სამეთაურო პუნქტს "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" ზონაში, როგორც რუსეთის ხელისუფლება უწოდებს ომს უკრაინაში.
ვიდეოში შოიგუ უსმენს ჯგუფის მეთაურის, გენერალ-პოლკოვნიკ ევგენი ნიკიფოროვის მოხსენებას და აწყობს შეხვედრას მეთაურებთან, აცხადებენ თავდაცვის სამინისტროში. როდის არის ვიდეო გადაღებული, უცნობია.
თავდაცვის მინისტრი პირველად გამოჩნდა საზოგადოებაში სამხედრო აჯანყების შემდეგ, რომელიც ვაგნერის PMC-ის ხელმძღვანელმა ევგენი პრიგოჟინმა შოიგუს და რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობის გადაყენების მოთხოვნით წამოიწყო. სანამ აჯანყება გრძელდებოდა, შოიგუს საჯაროდ არ გაუკეთებია კომენტარი არსებული სიტუაციის შესახებ.
24 ივნისს რუსეთში კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის ლიდერი, ევგენი პრიგოჟინი რუსეთის ხელისუფლების წინააღმდეგ აჯანყდა. 24 საათზე ნაკლებ დროში მისმა სამხედრო კოლონამ თითქმის მოსკოვამდე მიაღწია, თუმცა ბელარუსის პრეზიდენტთან, ალექსანდრ ლუკაშენკოსთან დიალოგის შემდეგ, პრიგოჟინმა განაცხადა, რომ აჯანყება შეწყვიტა.