
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო საგანგებო განცხადებას ავრცელებს და "რამდენიმე წყაროდან მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით" ამტკიცებს, რომ აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრის ჩაშლის მიზნით, კიევი პროვოკაციას ამზადებს.
კერძოდ, რუსეთის თავდაცვა ირწმუნება, რომ სამიტამდე ერთი დღით ადრე, პარასკევს, უკრაინის შეიარაღებული ძალები უპილოტო საფრენი აპარატებისა და რაკეტების გამოყენებით საკუთარ ქალაქზე, რომელიც მჭიდროდ არის დასახლებული, იერიშს გეგმავენ.
რუსეთის თავდაცვის თანახმად, სამიზნე ხარკოვის ოლქში მდებარე ქალაქი ჩუგუევია.
უწყება ირწმუნება, რომ ადგილზე უკვე ჩაიყვანეს დასავლელი ჟურნალისტები "საბაბით, თითქოს ფრონტის ხაზზე მყოფი ქალაქის მაცხოვრებლების შესახებ რეპორტაჟების სერიას ამზადებენ". რუსეთი ამტკიცებს, რომ მათი ჩაყვანის "რეალური მიზეზი" - "დარტყმების მომენტალური დაფიქსირებაა".
"კიევის რეჟიმის პროვოკაციის შედეგად, მთელი პასუხისმგებლობა დარტყმებსა და მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვაზე რუსეთის შეიარაღებულ ძალებს დაეკისრება, რათა შეიქმნას ნეგატიური ფონი და საბაბი, რუსულ-ამერიკული მოლაპარაკებების უკრაინაში კონფლიქტის მოგვარების საკითხზე ჩაშლისთვის", - ირწმუნება რუსეთის თავდაცვა.
რუსეთის თავდაცვის თანახმად, "პროვოკაციები ასევე მოსალოდნელია კიევის რეჟიმის მიერ კონტროლირებად სხვა დასახლებებში".