რუსეთის პარლამენტის ზედა პალატამ, ფედერაციის საბჭომ მხარი დაუჭირა კანონს, რომლის მიხედვითაც, 2024 წლის 1 იანვრიდან ჯარში გაწვევის ასაკის ზედა ზღვარი 27-დან 30 წლამდე გაიზრდება.
კანონს მხარი დაუჭირა 159-მა სენატორმა, ერთმა თავი შეიკავა. 25 ივლისს კანონი სახელმწიფო დუმაში, პარლამენტის ქვედა პალატაში მიიღეს.
თავდაპირველად იგეგმებოდა გაწვევის ასაკის ქვედა ზღვრის აწევაც: 18-დან 21 წლამდე. თუმცა, მოგვიანებით სახელმწიფო სათათბიროს თავდაცვის კომიტეტის ხელმძღვანელმა ანდრეი კარტაპოლოვმა თქვა, რომ კომიტეტმა გადაწყვიტა, ეს არ გაეკეთებინა. ცვლილებები მან ახსნა იმით, რომ დემოგრაფიული ვითარებიდან გამომდინარე სულ უფრო და უფრო ნაკლებ რუსს იწვევენ ჯარში. სახელმწიფო სათათბიროს სხდომაზე მან აღნიშნა, რომ კანონი "დაწერილია დიდი ომისთვის" და "ზოგადი მობილიზაციისთვის".
მანამდე ფედერაციის საბჭოს ორი კომიტეტის ხელმძღვანელები - ვიქტორ ბონდარევი და ანდრეი კლიშასი - ეწინააღმდეგებოდნენ ასაკის ქვედა ზღვრის შენარჩუნებას, ზედა ზღვრის გაზრდის შემთხვევაში. თუმცა მოგვიანებით ფედერაციის საბჭოს თავმჯდომარემ, ვალენტინა მატვიენკომ განაცხადა, რომ პარლამენტის ზედა პალატა მხარს დაუჭერს სახელმწიფო სათათბიროს ინიციატივას.