ერგნეთში ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების ფარგლებში შეხვედრა გაიმართა, რომელიც კვლავ უშედეგოდ დასრულდა. შეხვედრის მთავარი საკითხი რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქის, თამაზ გინტურის მკვლელობა იყო.
სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსმა მოადგილემ ირაკლი ანთაძემ შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ შეხვედრაზე "რუსეთის პოზიცია იყო უკიდურესად დესტრუქციული და შეეცადნენ, რომ თამაზ გინტურის მკვლელობა ე.წ. მესაზღვრეების მართლზომიერ ქმედებად წარმოეჩინათ".
ამასთან, ირაკლი ანთაძის თქმით, შეხვედრაზე თამაზ გინტურის მკვლელების ქართული მხარისთვის გადმოცემის საკითხიც დაისვა.
"თამაზ გინტურის მკვლელობის საკითხი იყო დღის წესრიგის მთავარი საკითხი. პოზიცია ცენტრალური ხელისუფლების არის გაჟღერებული, ჩვენი მოთხოვნა გახლავთ მკვლელების მიმართ სამართლის აღსრულების, რომლის ყველაზე ლოგიკური გზა არის მათი ცენტრალური ხელისუფლებისათვის გადმოცემა. ასევე ვისაუბრეთ თამაზ გინტურის მკვლელობის დეტალებზე, მივაწოდეთ ამომწურავი ინფორმაცია შეხვედრის მონაწილეებს, ისევე როგორც ეს გაკეთდა გასულ კვირას ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებზე.
სამწუხაროდ, რუსეთის ფედერაციის პოზიცია იყო კვლავ უკიდურესად დესტრუქციული, ისინი შეეცადნენ, წარმოეჩინათ ეს ძალადობის ბარბაროსული აქტი, როგორც ე.წ. მესაზღვრეების მართლზომიერი ქმედება, თუმცა კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა ცენტრალური ხელისუფლების პოზიციას, რომ საქართველოს მოქალაქეების მკვლელობის მიმართ ჩვენ ვიქნებით შეურიგებლები და ყოველთვის ვიბრძოლებთ, დაფიქსირდება ყველა არსებულ ფორმატში შესაძლებლობა, რათა მკვლელების მიმართ მოხდეს სამართლის აღსრულება", - განაცხადა ანთაძემ.
კითხვაზე, როგორ გეგმავს საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება, რომ დაადგინოს, ვინ არიან თამაზ გინტურის მკვლელები, ანთაძემ უპასუხა, რომ "ეს გამოძიების პრეროგატივაა".
"ჩვენ უნდა შევიდეთ იმ დეტალების განხილვაში, რაც ეხება გამოძიების ტექნიკას და ეს უფრო გამოძიების პრეროგატივაა, მოხდეს მკვლელების იდენტიფიცირება. ნებისმიერ შემთხვევაში, აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, მიმდინარეობს გამოძიება და ყველა არსებული შესაძლებლობების გამოყენებით, შევეცდებით, რომ მოხდეს თამაზ გინტურის მკვლელობის მიმართ სამართლის აღსრულება", - განაცხადა ანთაძემ.
***
6 ნოემბერს სოფელ კირბალთან ოკუპანტებმა საქართველოს ერთი მოქალაქე მოკლეს, მეორე კი გაიტაცეს.
ოკუპანტების მიერ მოკლული საქართველოს მოქალაქე თამაზ გინტურია, გატაცებული კი ლევან დოთიაშვილი იყო, რომელიც ამ დროისთვის თავისუფალია.
ამის შემდეგ ერგენეთში, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მოთხოვნით აოკუპაციო ძალების წარმომადგენლებთან საგანგებო შეხვედრა გაიმართა.
თბილისმა თამაზ გინტურის მკვლელობაში დამნაშავეთა დასჯა და ლევან დოთიაშვილის გადმოცემა მოითხოვა. შეხვედრაზე, ოკუპანტებმა თქვეს, რომ საკუთარ დანაშაულზე ე.წ. გამოძიებას აწარმოებენ და რომ გატაცებული დაჭრილი არ არის და ამჟამად ცხინვალის ე.წ. ციხეში იმყოფება. როგორია ლევან დოთიაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა რეალურად, სუს ინფორმაციას ჯერჯერობით ვერ აზუსტებს. უწყებას ინფორმაცია არც მკვლელობის და გატაცების ზუსტი ადგილის შესახებ აქვს. დაახლოებით ტერიტორიად კი სახელდება ლომისის ეკლესია.
ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებამ მომხდართან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, რომელშიც ამტკიცებს, რომ მოკლულმა და გატაცებულმა ე.წ. მესაზღვრეებს წინააღმდეგობა გაუწიეს და სასაზღვრო სამსახურის პერსონალის მიმართ "უკიდურესი აგრესია" გამოიჩინეს
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 143-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას და თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.
ოკუპანტების მიერ მოკლული თამაზ გინტურის ოჯახი სავარაუდო მკვლელებს ასახელებს. როგორც მისი ძმა ჟურნალისტებთან ამბობს, ეს ინფორმაცია მას სანდო წყარომ მიაწოდა. მისი თქმით, ეს პირები, სავარაუდოდ, არიან ვასილ დემიდოვი და ნიკოლაი იშჩენკო.