რუსული მედიის ცნობით, რუსეთის ქალაქ ბელგოროდში ძლიერი აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც ქალაქის ერთ-ერთ ცენტრალურ ქუჩაზე 20 მეტრის რადიუსის კრატერი გაჩნდა.
აფეთქება დაადასტურა ბელგოროდის გუბერნატორმა ვიაჩესლავ გლადკოვმაც. მისი თქმით, პირველადი ინფორმაციით შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია. შემთხვევა ქალაქის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, ვატუტინისა და გუბკინის ქუჩების კვეთაზე მოხდა.
აფეთქების მიზეზებზე რუსეთის ხელისუფლებას ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია. რუსული სამთავრობო, პროპაგანდისტული მედია RIA Novosti კი აცხადებს, რომ ტერიტორიაზე, სავარაუდოდ, უკრაინული რაკეტა ჩამოვარდა.
მომხდარის შესახებ უკრაინის ხელისუფლებას კომენტარი არ გაუკეთებია.
„უზარმაზარი 20 მეტრის რადიუსის კრატერი გაჩნდა ერთ-ერთი ცენტრალური ქუჩების კვეთაზე. მიმდებარე საცხოვრებელ კორპუსში დაზიანდა მინები, რამდენიმე დაპარკინგებული მანქანა დაზიანდა აფეთქების ტალღით და ჩამოინგრა ელექტროგადაცემის ხაზები“ - განაცხადა გლადკოვმა.
გლადკოვის ცნობით, ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო-სამაშველო სამსახურების ბრიგადები და იქ იმყოფება, როგორც ქალაქის მერი ვალენტინ დემიდოვი, ასევე რეგიონული უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსი.