რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ოდესის ტაძარსა და დასახლებულ უბნებზე სარაკეტო იერიშს უარყოფს. მათი თქმით, დარტყმა მხოლოდ იმ ობიექტებზე მიიტანეს, სადაც რუსეთის წინააღმდეგ ტერორისტული აქტები მზადდებოდა.
"ოდესის ოლქში რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ ტერორისტული აქტები უპილოტო კატერების გამოყენებით მზადდებოდა. ამასთან, ობიექტებზე უცხოელი დაქირავებული მებრძოლებიც იმყოფებოდნენ", - აცხადებს რუსეთის თავდაცვის სამინისტრო.
ღამით რუსეთმა ოდესაზე სარაკეტო იერიში მიიტანა, რის შედეგადაც 1 ადამიანი დაიღუპა, 22 კი დაშავდა. თავდასხმის შედეგად დაინგრა ინფრასტრუქტურა, დაზიანდა ფერისცვალების ტაძარი და კერძო სახლები.
მომხდარ სარაკეტო თავდასხმას უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი გამოეხმაურა. მისი თქმით, ოდესის გამო რუსი ტერორისტები პასუხს აგებენ, რუსული ბოროტება კი დამარცხდება.