ოდესის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის უფროსის, ოლეგ კიპერის განცხადებით, რუსეთმა ოდესაზე სარაკეტო იერიში მიიტანა, რის შედეგადაც 1 ადამიანი დაიღუპა, 22 კი დაშავდა.
"ოდესაში, 23 ივლისის ღამეს მტრის თავდასხმის შედეგად 22 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 4 ბავშვია. ქალაქის საავადმყოფოებში 14 ადამიანია გადაყვანილი. დაღუპულია 1 მშვიდობიანი მოქალაქე", - თქვა ოდესის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის უფროსმა.
უკრაინის ცნობით, ოდესაში რუსული ძალების მხრიდან სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაინგრა ინფრასტრუქტურა, დაზიანდა ფერისცვალების ტაძარი და კერძო სახლები.
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.