რუსეთი NATO-სა და აზერბაიჯანის ურთიერთობების გაღრმავებასთან დაკავშირებით უკმაყოფილებას გამოთქვამს. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპეციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ ჟურნალისტებთან ისაუბრა.
მას ჰკითხეს ბაქოში NATO-ს გენერალ-ლეიტენანტის იანუშ ადამჩაკის ვიზიტთან დაკავშირებით, რომელიც აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ხელმძღვანელს შეხვდა.
"სადაც არ უნდა ჩნდებოდეს ეს აგრესიული ბლოკი - იქ ახალი გამყოფი ხაზები იკვეთება, კონფრონტაციულ დღის წესრიგს ეყრება საფუძველი. სუვერენული ქვეყნის შიდა საქმეებში ძალიან უხეში ჩარევა ხდება. NATO-ელების აქტიურობა, იქნება ეს აზერბაიჯანული თუ სომხური მიმართულებით, ერთ რამემდე მიდის - სამხრეთ კავკასია რუსეთთან დაპირისპირების კიდევ ერთ ველად აქციოს, რეგიონის ქვეყნები ერთმანეთს დააჯახოს, ამის შემდეგ კი სარგებელი მიიღოს. გამოვდივართ იქიდან, რომ აღნიშნულ რეგიონში გადაწყვეტილებები უნდა მიიღებოდეს რეგიონის ლიდერებს შორის.
პარასკევს დაგეგმილი "3+3" ფორმატი, რომელიც თურქეთში უნდა გაიმართოს - ამის ნათელი დადასტურებაა, რომ ასეთი რამ შესაძლებელია. არის შესაბამისი ორმხრივი და მრავალმხრივი მექანიზმები. ყველაფერი ეს უნდა მოხდეს გარე ჩარევის გარეშე. ეს პოზიცია ბაქომდე და ერევნამდეც მიგვაქვს. მგონია, რომ ჩვენი ესმით", - თქვა ზახაროვამ.