
რომის პაპი ფრანცისკე 2025 წლის 21 აპრილს, აღდგომის ორშაბათს, 88 წლის ასაკში გარდაიცვალა. როგორც ვატიკანის მიერ გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაშია აღნიშნული, წმინდა მამა დილით, ადგილობრივი დროით 07:35 საათზე, საკუთარ რეზიდენციაში – კასა სანტა მარტაში – მშვიდად მიიცვალა.
გარდაცვალების შესახებ საზოგადოებას კარდინალმა კევინ ფარელმა აცნობა:
„ძვირფასო ძმებო და დებო, ღრმა მწუხარებით უნდა გაცნობოთ, რომ ჩვენი წმინდა მამა, ფრანცისკე, უფლის სახლში დაბრუნდა. მისი მთელი ცხოვრება უფლისა და ეკლესიის მსახურებას დაეთმო,“ – განაცხადა ფარელმა.
კარდინალის თქმით, პაპი ფრანცისკე განსაკუთრებული ერთგულებით, სიმამაცითა და უნივერსალური სიყვარულით ქადაგებდა სახარების ღირებულებებს, განსაკუთრებით – გაჭირვებულთა და გაშიშვლებულთა სასარგებლოდ.
„უზარმაზარი მადლიერებით ვიხსენებთ მის მაგალითს, როგორც ჭეშმარიტი მოწაფისა იესო ქრისტეს გზაზე, და ვაბარებთ მის სულს ყოვლისმოწყალე სამების უსაზღვრო სიყვარულს,“ – ვკითხულობთ ვატიკანის განცხადებაში.