რომან გოცირიძე განმარტავს, რას გულისხმობს ე.წ. პრესანქციური რეჟიმი

რომან გოცირიძე განმარტავს, რას გულისხმობს ე.წ. პრესანქციური რეჟიმი

პარლამენტის დეპუტატი და ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი რომან გოცირიძე განმარტავს, რას გულისხმობს ე.წ. პრესანქციური - წინასასანქციო რეჟიმი, რომელშიც დროების ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილის საზღვარგარეთ მცხოვრები შვილები იმყოფებიან.

"ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობამ ფაქტობრივად ის [ბიძინა ივანიშვილი] დააყენა სანქციების კანდიდატად, ეს უკვე არის სიგნალი კომერციული ბანკებისთვის. ბანკები ამას არ უყურებენ, ამ მომენტისთვის ის არის თუ არა სანქცირებულთა სიაში, ვინაიდან შეიძლება ის იყოს პირი, რომელთან ურთიერთობაც შეიძლება ძვირად დაუჯდეს ბანკებს. ამიტომ, ბანკები, ასეთ შემთხვევაში, პრევენციულ ზომებს იღებენ, რაც ნიშნავს, რომ უზღუდავენ მსხვილ ტრანზაქციებს - ვერ იყიდიან ქონებას, დიდ გადარიცხვებს ვერ გააკეთებენ.

არ უზღუდავენ პირადი საჭიროებისთვის ხარჯებს, მაგალითად, რუსი ოლიგარქებიც კი, რომლებიც ლონდონში ცხოვრობენ, მათ თვეში 50 ათასი ფუნტის დახარჯვის უფლება აქვთ საწვავზე, საჭმელზე, სასმელზე და ერთ-ერთი ჩიოდა, ეს არ მყოფნის, რომ დამლაგებელს ფული გადავუხადოო, ვლაპარაკობ მილიარდერზე, რომელსაც დაყადაღებული აქვს მთელი ქონება და აქტივები. ანუ - არსებობს ნაწილობრივი სანქციის რეჟიმი, პრესანქციური", - ამბობს რომან გოცირიძე.

***

დროების ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილის საზღვარგარეთ მცხოვრებ შვილებს საბანკო ანგარიშებზე წვდომა შეეზღუდათ.

წყაროს თანახმად, ბანკებმა ბიძინა ივანიშვილის ოჯახის წევრებს ანგარიშების ნაწილზე წვდომა საერთოდ შეუჩერეს, ზოგ შემთხვევაში კი შეზღუდული საფინანსო რესურსით ოპერირების რეჟიმში გადაიყვანეს.

წყაროს ცნობით, აღნიშნული ზომა გამომდინარეობს ე.წ. პრესანქციური - წინა სასანქციო რეჟიმიდან. ეს კი გულისხმობს, რომ ფინანსური ინსტიტუტები გადაწყვეტილებას ანგარიშის მფლობელის ან მასთან დაკავშირებული სუბიექტის სასანქციო რეჟიმში გადაყვანის თაობაზე იღებენ მაღალი სანდოობის მატარებელი ინფორმაციის კვალობაზე, რომელსაც აშშ-ის ხაზინის ან სახელმწიფო დეპარტამენტი, ან ევროპული ინსტიტუტები ავრცელებენ.

საუბარია არა მხოლოდ ამერიკის შეერთებული შტატების, დიდი ბრიტანეთის ან ევროკავშირის იურისდიქციის ქვეშ მოქმედ საბანკო ინსტიტუტებზე.