ლატვიის პრეზიდენტი, ედგარს რინკევიჩი მიიჩნევს, რომ NATO-ს საიუბილეო სამიტის კომუნიკეში საქართველოს სამომავლო წევრობაზე ჩანაწერის არარსებობა იმას ნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობა "ძალიან შორს წავიდა". ამის შესახებ მან ამერიკის ხმასთან ინტერვიუში ისაუბრა.
"ეს ნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობა ძალიან შორს წავიდა, ვფიქრობ, რომ „უცხოეთის აგენტების“ კანონით, საკუთარი საზოგადოების, ევროკავშირისა და NATO-ს ყველა მოწოდების იგნორირებით, მათ გადაწყვიტეს, რომ შეუძლიათ იცხოვრონ ნატოსა და ევროკავშირის წევრობის გარეშე. დიახ, ფორმალურად საქართველო კანდიდატი ქვეყანაა, მაგრამ, მოდით თვალი გავუსწოროთ ამას, ჩვენ უნდა შევუზღუდოთ კანდიდატის სტატუსი საქართველოს, თუკი ის არ გადაწყვეტს, რომ გაატაროს ის საერთო ღირებულებები, რომლებსაც ჩვენ ყველა ვიზიარებთ. თუ ამას არ აკეთებ, არ ხარ ამ კლუბის ნაწილი. ეს შენი სუვერენული გადაწყვეტილებაა", - აღნიშნა ლატვიის პრეზიდენტმა.
რინკევიჩის თქმით, ალიანსის წევრობა არაა მხოლოდ პოლიტიკური საკითხი და ეს კრიტერიუმებს ეფუძნება. ინტერვიუში მან NATO-ს გაფართოების შესახებ 1995 წლის კვლევა ახსენა, რომელიც დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, ადამიანის უფლებათა პატივისცემის, ჯარზე სამოქალაქო კონტროლის და სხვა საკითხებს ეფუძნება.
"თუკი რომელიმე ქვეყანას სურს გახდეს NATO-სა და ევროკავშირის წევრი და ის არ აკმაყოფილებს შესაბამის კრიტერიუმებს, ეს არჩევანია, ამ ქვეყნის სუვერენული არჩევანი. მაგრამ წევრი სახელმწიფოების სუვერენული არჩევანია ისიც, რომ აღარ გააგრძელონ ეს პროცესი.
მე ვიმედოვნებ, რომ საქართველო სერიოზულად გადახედავს ზოგიერთ კანონმდებლობას, და თუ ეს ასე არ მოხდა, ნუ ელოდებით ჩვენგან იმის შესაძლებლობის განხილვას, რომ საქართველოსთან პროცესი გაგრძელდეს.
ეს არ ეხება [კანდიდატი ქვეყნების თაობაზე] შეუქცევად თუ შექცევად გადაწყვეტილებას. ეს ეხება იმას, რომ კანდიდატმა ქვეყნებმა იმ ორგანიზაციების კრიტერიუმები და პირობები უნდა შეასრულონ, რომელთა ნაწილად ყოფნაც სურთ", - განაცხადა რინკევიჩმა.