რინკევიჩი: EU-მ მკაფიო სიგნალი უნდა გაგზავნოს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის შეჩერებით

რინკევიჩი: EU-მ მკაფიო სიგნალი უნდა გაგზავნოს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის შეჩერებით

ლატვიის პრეზიდენტმა ედგარს რინკევიჩმა საქართველოსთან და დასავლეთ ბალკანეთთან მიმართებაში ევროკავშირის პოლიტიკის მიმართ კრიტიკა გამოხატა და აღნიშნა, რომ ამ რეგიონებში დემოკრატიისა და სტაბილურობისთვის საჭიროა მკაფიო და მტკიცე გზავნილები. შესაბამისი განცხადება რინკეიჩსმა Riga StratCom Dialogue 2024-ის საერთაშორისო კონფერენციაზე გააკეთა.

2008 წელს საქართველოში რუსეთის მიერ წამოწყებულ ომზე საუბრისას, მან აღნიშნა, რომ საერთაშორისო რეაქცია იყო არასაკმარისი და ნელი.

რინკევიჩი მიიჩნევს, რომ სიტუაცია საქართველოში მოითხოვს ევროკავშირის სწრაფ და მკაცრ მოქმედებას. მან გამოთქვა შეშფოთება იმის გამო, რომ საქართველოში რუსული გავლენა იზრდება.

მისივე თქმით, ევროკავშირმა მკაფიო გზავნილი უნდა გაგზავნოს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის შეჩერებით, რათა სიტუაცია არ გაუარესდეს.

"თუ ჩვენ არ გავგზავნით ძალიან მკაფიო და ძალიან მკაცრ სიგნალს, და ჩვენ შეშფოთებას მხოლოდ სიტყვიერად გამოვხატავთ, მაშინ სიტუაცია გაუარესდება", - თქვა მან.

ლატვიის პრეზიდენტმა ასევე მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას გაითვალისწინოს საკუთარი ხალხის სურვილი და არ დაემორჩილოს გარე გავლენებს, "რომელიც ხელს შეუშლის ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას".

***

არაერთი საერთაშორისო მოწოდებისა და მოქალაქეების მრავალათასიანი აქციების მიუხედავად ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია.

ვეტოს დაძლევას ქართული ოცნების 84-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.

პრეზიდენტმა რუსულ კანონს ვეტო 18 მაისს დაადო.

სალომე ზურაბიშვილმა რუსულ კანონს პარლამენტს მხოლოდ ერთი შენიშვნით დაუბრუნა - კანონმა ამოქმედებიდან მხოლოდ ერთი დღე უნდა იმოქმედოს, რის შემდეგაც იგი ძალას დაკარგავს. მან უარი თქვა, კანონი მუხლობრივად განეხილა.

მოქალაქეების, სამოქალაქო საზოგადოების და პარტნიორების კრიტიკისა და გაფრთხილებების მიუხედავად ქართულმა ოცნებამ რუსული კანონი 14 მაისს მიიღო. აღნიშნული კანონით უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად ცხადდება ნებისმიერი არასამთავრობო ორგანიზაცია და მედიასაშუალება, რომლის დაფინანსების 20%-ზე მეტს უცხოური წყარო წარმოადგენს.

რუსულ კანონთან დაკავშირებით კრიტიკული დასკვნა გამოაქვეყნა ვენეციის კომისიამ.

კომისია მკაცრად ურჩევს ქართულ ოცნებას, გააუქმოს კანონი არსებული ფორმით. კომისია მოსაზრებაში ხაზს უსვამს, რომ კანონის არსებული ფორმით ნეგატიური ხარვეზები ექმნება შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებას, საჯარო საქმეებში საქმიანობის უფლებას, ასევე დისკრიმინაციის აკრძალვას.

კომისიის დასკვნაში ნათქვამია, რომ ეს კანონი გავლენას მოახდენს ღია, ინფორმირებულ საჯარო დებატებზე, პლურალიზმსა და დემოკრატიაზე.

კომისიის დასკვნის გამოქვეყნების შემდეგ ოცნებაში ბრიფინგი გაიმართა. მმართველმა პარტიამ კრიტიკული დასკვნის გამოქვეყნების შემდეგ კომისიის სანდოობა ეჭვქვეშ დააყენა და თქვა, რომ "ვენეციის კომისიის დასკვნით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ გამჭვირვალობის ქართული კანონის საწინააღმდეგო სამართლებრივი ან სხვა სახის არც ერთი არგუმენტი არ არსებობს".