"რეჟიმი ყოველდღიურად გვაჩვენებს, რომ შეშინებულია", - ზურაბიშვილი იოსელიანის გატაცებაზე

"რეჟიმი ყოველდღიურად გვაჩვენებს, რომ შეშინებულია", - ზურაბიშვილი იოსელიანის გატაცებაზე

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, კოტე იოსელიანის გატაცების საქმეზე განცხადებას ავრცელებს.

მისი თქმით, იოსელიანის გატაცება უკვე ცალსახად აჩვენებს, რომ ქართული ოცნების ხელისუფლება შეშინებულია და აღარ იცის, "რას მიმართოს, რომ ადამიანები დააშინოს, დაემუქროს, აუკრძალოს არა მხოლოდ ლაპარაკი, არა მხოლოდ სიტყვების გამოყენება, თუნდაც facebook პოსტებზე რაღაცის დაწერა."

ზურაბიშვილი ამბობს, რომ ივანიშვილის მთავრობის ამგვარი ქმედება კონტროლის დამყარების სრული მცდელობაა, რაც მხოლოდ მის სისუსტეზე მიუთითებს.

"არ შეიძლება არ ვიყოთ ყველანი შეშფოთებული იმით, რაც მოხდა კოტე იოსელიანის შემთხვევაში. ეს გატაცება, მუქარა, რაც მოხდა იმიტომ, რომ ადამიანმა რაღაც მოსაზრება, შეიძლება არაკორექტული, გამოთქვა რვა წლის წინ და დღეს ისჯება იმიტომ, რომ ეს ეხებოდა შიშველი მეფის ოჯახს, ეს უკვე არის განაჩენი ამ რეჟიმისთვის. ეს რეჟიმი ყოველდღიურად გვაჩვენებს, თუ როგორი შეშინებულია, როგორ არამყარად დგას და აღარ იცის, რას მიმართოს, რომ ადამიანები დააშინოს, დაემუქროს, აუკრძალოს არა მხოლოდ ლაპარაკი, არა მხოლოდ სიტყვების გამოყენება, თუნდაც facebook პოსტებზე რაღაცის დაწერა, ეს არის მცდელობა სრული კონტროლისა. მგონი, უკვე გადავედით, მგონი, ჩრდილოეთ კორეის დონეზე, არ ვიცი იქაც ამ დონის კონტროლი არის თუ არა. ეს მხოლოდ და მხოლოდ სისუსტის ნიშანია. არ არსებობს რეჟიმი, რომელსაც გააჩნია შიდა შემართება და რომელსაც აქვს მხარდაჭერა თავისი მოსახლეობის - რაც არ უნდა დიქტატორული რეჟიმი იყოს, თუ აქვს ოდნავ მაინც მხარდაჭერა თავისი მოსახლეობის, ასე არ იქცევა და არც სჭირდება, რომ ასე მოიქცეს. ამიტომ, ჩვენ, ერთის მხრივ, უნდა დავგმოთ ეს მოქმედება და ამავე დროს ვიცოდეთ, რომ ეს არის მართლაც მათი განაჩენი", - თქვა მან.

***

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა, თინა ბოკუჩავას დღეს განაცხადა, რომ მისი მეუღლე, კოტე იოსელიანი ნიღბიანმა პირებმა გაიტაცეს, 8 საათის განმავლობაში ზეწოლას ახორციელებდნენ და ემუქრებოდნენ ბავშვების უსაფრთხოებით. ბოკუჩავას მტკიცებით, იოსელიანი, შესაძლოა, ე.წ. მოდულის შენობაში ჰყავდათ.

მომხდარს ბოკუჩავა მისი დაშინებისა და გაჩუმების მცდელობად აფასებს.

შეგახსენებთ, გუშინ კოტე იოსელიანმა გაავრცელა ვიდეო, სადაც ბოდიშს უხდის ბიძინა ივანიშვილის შვილს, უტა ივანიშვილს, წლების წინ მის შესახებ გაკეთებული განცხადებების გამო.