რესტორანი რეტრო 30 000 ლარით დაჯარიმდა.
როგორც შრომის ინსპექციის ხელმძღვანელმა, ბექა ფერაძემ თქვა, საქართველოს მასშტაბით შემოწმდა რეტროს სამივე ობიექტი და შრომის უსაფრთხოების დარღვევის გამო, რესტორანს შეუჩერდა საქმიანობის პროცესი.
"კომპანია დაჯარიმდა 30 000 ლარის ოდენობით, ასევე შევისწავლეთ როგორც აჭარის, ასევე თბილისის რეგიონში არსებული ჯამში, სამი ობიექტი. უფლებრივ მდგომარეობის შესწავლასთან ერთად შრომის უსაფრთხოების დარღვევის გამო, კომპანიას შეუჩერდა საქმიანობის პროცესი და გარდა ამისა, დაევალა ყველა ის დანაკლისი, რომელიც წლების განმავლობაში თანამშრომლებს ჰქონდათ და აქ იგულისხმება როგორც ზეგანაკვეთური შრომის ანაზღაურება, ასევე შვებულება თუ კანონით გათვალისწინებული სხვადასხვა უფლების რეალიზება, აანაზღაუროს და კუთვნილი თანხობრივი ოდენობით მისცეს დასაქმებულ ადამიანებს"- ამბობს ფერაძე.
გუშინ, 5 ივნისს სახაჭაპურე რეტროს ყოფილმა მენეჯერმა მარია ზოიძემ Facebook-ზე გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც რეტროს მფლობელი თეიმურაზ ვარშანიძე მიმტანს სცემს.
რეტროს მფლობელი ძალადობის ბრალდებით უკვე დაკავებულია.
სახაჭაპურე 15-ვე თანამშრომელმა დატოვა. დღეს დილიდან რესტორანი აღარ გაიხსნა.
ყოფილი მენეჯერი წერს, რომ თავად რეტრო ცოტა ხნის წინ დატოვა, რადგან ვარშანიძემ ხალხით სავსე რესტორანში შეურაცხმყოფელი და ღირსების შემლახავი სიტყვებით მიმართა.
ის, ასევე, წერს, რომ რუსების შემოდინებასთან ერთად რესტორანში რუსი თანამშრომლები მიიყვანეს, რომლებიც ძველ თანამშრომლებს ტოქსიკურ სამუშაო გარემოს უქმნიდნენ, მფლობელი კი მათ მხარს უბამდა, რადგან პრორუსია.