ბათუმის მერიამ მონოდრამის საერთაშორისო ფესტივალს დაფინანსებაზე უარი უთხრა. რეჟისორი ოთარ ქათამაძე აცხადებს, რომ წელს ბათუმის მერიას იმაზე ადრე მიმართა, ვიდრე გასულ წლებში, რათა ადგილობრივ მუნიციპალიტეტს არ მისცემოდა საბაბი იმის სათქმელად, რომ თითქოს თანხა ამოიწურა, თუმცა მას მაინც უარი უთხრეს.
მონოდრამის ფესტივალი ქალაქში უკვე 9 წელია იმართება და ყოველ ჯერზე მას აქამდე სწორედ მერია აფინანსებდა. ოთარ ქათამაძე დარწმუნებულია, რომ ხელისუფლების ეს გადაწყვეტილება ქართული ოცნების მიმართ კრიტიკულად განწყობილი ადამიანების "დასჯას" უკავშირდება.
"მითხრეს, რომ ფესტივალმა ვერ დააგროვა საჭირო ქულები იმიტომ, რომ ქულათა სისტემით ფასდება ფესტივალები. მაგრამ განსხვავებული არაფერი არ ყოფილა წინა წლებთან შედარებით, გასაკვირი იყო, რა ქულათა სისტემა ვერ დააკმაყოფილა ფესტივალმა", - ამბობს რეჟისორი ფორმულას ეთერში.
მისივე თქმით, საბოლოო პასუხის მიღებამდე, მას დაუკავშირდნენ და უფრო დაბალი ბიუჯეტის წარდგენა სთხოვეს. წარდგენის შემდეგ ის ბიუჯეტის განხილვას ელოდებოდა, თუმცა შემდეგ მერიისგან გაიგო, რომ პროექტი არ დაფინანსდა.
"ადრე თუ გვიან მოლოდინი გვქონდა, რომ აქამდე მივიდოდით, რადგან სახელმწიფო მიდის თავად აქამდე. კულტურის მიმართ პოლიტიკა რეპრესიული ხდება. ყველა სფეროში შეაღწია ამ რეპრესიებმა და შესაბამისად არც ჩვენ არ დავრჩით გამონაკლისი, ჩვენც მოგვწვდნენ. ეს რეპრესიები მომავალში როგორ გაგრძელდება და რა ფორმას მიიღებს არ ვიცი, მაგრამ იგრძნობა, რომ თავისუფალი ხელოვნება აღარაა საქართველოში", - განაცხადა ოთარ ქათამაძემ.