
ჟურნალისტ ალექს რაუფოღლუს მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი "სერიოზულად განიხილავს" მოუხსნას უკრაინას ჯო ბაიდენის მმართველობის დროინდელი ყოველგვარი შეზღუდვა იარაღის გამოყენების თაობაზე.
აღნიშნულ ცნობებს რაუფოღლუ ორ დასავლელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ავრცელებს.
"აქამდე დაწესებული ყველა შეზღუდვა - უკვე შემსუბუქებული თუ არა - ამჟამად განხილვის პროცესშია, რადგან პრეზიდენტი [ტრამპი] მიიჩნევს, რომ ამჟამინდელი სტატუს კვო არ ემსახურება ჩვენს საერთო ინტერესებს - დაბრუნდეს რუსეთი [მოლაპარაკებების] მაგიდასთან", - განაცხადა ერთ-ერთმა წყარომ რაუფოღლუს.
გარდა ამისა, The Wall Street Journal წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ტრამპი ამ კვირაში რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების შესაძლებლობასაც განიხილავს.
WSJ წერს, რომ აშშ-ის პრეზიდენტი იმედგაცრუებულია უკრაინაზე გახშირებული თავდასხმებით და სამშვიდობო მოლაპარაკებების ნელი ტემპით და სწორედ ამიტომ გაჩნდა მოსაზრებები ახალი სანქციების შესახებ.
გამოცემას ერთ-ერთმა წყარომ უთხრა, რომ აღნიშნული შეზღუდვები ახალ საბანკო სანქციებს არ მოიცავს, თუმცა განიხილება ვარიანტები, რომლებმაც პუტინს პუტინს მოლაპარაკებების მაგიდაზე დაბრუნება და 30-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე დათანხმება უნდა აიძულონ.
მიუხედავად ამისა, WSJ წერს, რომ ამ ეტაპზე უცნობია რა გადაწყვეტილებას მიიღებს აშშ-ის პრეზიდენტი.