რუსული კანონის სარჩელთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლო მოსამართლეების - გიორგი კვერენჩხილაძისა და თეიმურაზ ტუღუშის განსხვავებულ აზრს აქვეყნებს.
მოსამართლეთა პლენუმმა გადაწყვეტილება სათათბიროდ გასვლიდან 1 თვის შემდეგ მიიღო. საკონსტიტუციო სასამართლოს თანახმად, საქმეზე დაიწყება არსებითი განხილვა, მოსარჩელეების შუამდგომლობა კი საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე სადავო ნორმების მოქმედების შეჩერების შესახებ არ დაკმაყოფილდა. სწორედ დროებითი ზომის გამოყენებას ეხება ორი მოსამართლის განსხვავებული აზრი.
მოსამართლეებს მიაჩნიათ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს უნდა შუამდგომლობა და შეეჩერებინა იმ სადავო ნორმების მოქმედება, რომლებიც ითვალისწინებს:
კვერენჩხილაძესა და ტუღუშს მიაჩნიათ, რომ მათმა კოლეგებმა არასწორად შეაფასეს ის შედეგები, რომლებიც შეიძლება, მოჰყვეს (მედია) ორგანიზაციებისათვის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციის სტატუსის მინიჭებასა და ამ სახელით რეესტრში რეგისტრაციას.
"სადავო ნორმების მოქმედების პირობებში, სახელმწიფოს მიერ (მედია) ორგანიზაციებისთვის ცალსახად ნეგატიური კონოტაციის მქონე სახელის დარქმევა და ამავე სახელწოდებით რეესტრში რეგისტრაციის დავალდებულება კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს მათ დამოუკიდებლობას, a priori მოიაზრებს რა მათ სხვა სუბიექტების ინტერესების გამტარებელ პირებად, რაც ფუნდამენტურად აზიანებს (მედია) ორგანიზაციების საქმიან რეპუტაციას, სანდოობას და საზოგადოებაში აჩენს მათდამი მტრულ, მასტიგმატიზებელ დამოკიდებულებას. მიგვაჩნია, რომ ნდობისა და რეპუტაციის შემლახავი სახელწოდებით, სახელმწიფო რეესტრში რეგისტრაციის გავლის ვალდებულებას, სახელმწიფოს მიერ/მისი სახელით შექმნილი სტიგმის ქვეშ ფუნქციონირებას, ნამდვილად გააჩნია იმის პოტენციალი, რომ შეუქცევადად დაარღვიოს (მედია) ორგანიზაციების უფლებები, რომელთა აღდგენა ვერ მოხდება საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობის შემთხვევაშიც კი", - ვკითხულობთ განსხვავებულ აზრში.
ამასთან, მოსამართლეები შეეხნენ დაცულ ინფორმაციაზე წვდომასა და პერსონალური მონაცემების შემცველი ინფორმაციის გამოქვეყნების ვალდებულებას. როგორც ისინი განმარტავენ, პლენუმმა სადავო ნორმების მოქმედების არშეჩერების არგუმენტად გამოიყენა, მათ შორის, კანონქვემდებარე აქტში განხორციელებული ცვლილებები და სხვა საკანონმდებლო აქტები, რომელთა ანალიზის შედეგადაც დაასკვნა, რომ მოსარჩელე მხარეს აღარ მოეთხოვება მისთვის პრობლემური პირადი მონაცემების წარდგენა/გასაჯაროება.
"რა თქმა უნდა, ვერ დავეთანხმებით ჩვენი კოლეგების პოზიციას, რომ სადავო კანონის შინაარსი და ფარგლები შეიძლება შემცირდეს მის აღსასრულებლად გამოცემულ კანონქვემდებარე აქტში განხორციელებული ცვლილებების შედეგად. ამასთანავე, სადავო კანონით (მედია) ორგანიზაციებში დაცულ ინფორმაციაზე წვდომის ფარგლებს ვერ ამცირებს სხვა საკანონმდებლო აქტებში არსებული მოწესრიგება, რამდენადაც სადავო ნორმები ინფორმაციის მოპოვების უფლებასა და ფარგლებს დამოუკიდებლად აწესრიგებს. ამდენად, საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტება, სადავო ნორმებიდან მომდინარე შეზღუდვის შინაარსთან და სახელმწიფოს მიერ მოპოვებადი/გამოქვეყნებადი ინფორმაციის ფარგლებთან მიმართებით, არსებითად მცდარია. მივიჩნევთ, რომ სადავო ნორმების შინაარსის გათვალისწინებით, სახელმწიფოს ეძლევა, მათ შორის, კონფიდენციალური ინფორმაციის მოპოვების და საჯაროდ გამოქვეყნების უფლება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლით დაცული პირადი და ოჯახური ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების მყისიერი და შეუქცევადად დარღვევის საფრთხე", - აღნიშნულია ტექსტში.