"ყველაფერია MEGOBARI ACT-ის გარდა, მტრული აქტია" - შეფასებები "ოცნებაში"

"ყველაფერია MEGOBARI ACT-ის გარდა, მტრული აქტია" - შეფასებები "ოცნებაში"

ვაშინგტონში საქართველოს მხარდამჭერი MEGOBARI Act-ი მიიღეს, თბილისში კი ოცნების წარმომადგენლები ამ ფაქტს დიფ სთეითის მორიგ შეთქმულებად მიიჩნევენ და „სამარცხვინოს“ უწოდებენ იმ გადაწყვეტილებას, რომელიც აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ 349 ხმით 42-ის წინააღმდეგ დაამტკიცა.

ქართული ოცნების გარემოცვაში მორიგი ფსონი კეთდება დონალდ ტრამპზე, რომლის გამარჯვებასაც თითქოს მარტო საქართველო კი არა, მთელი ცივილიზებული სამყარო ელოდება. დეპუტატ გიორგი ჩაკვეტაძისთვის ყველაფერი აშკარაა:

"ვგულშემატკივრობთ დონალდ ტრამპს, ზოგადად გლობალური ომის პარტიის, დიფ სთეითის დამარცხებაში… ის აქტი, რომელიც ჩვენი დროით გამთენიისას დაამტკიცა წარმომადგენელთა პალატამ, არის სამარცხვინო აქტი… წარმატებებს ვუსურვებ დონალდ ტრამპს."

პარტია "ხალხის ძალის" წევრი ეკა სეფაშვილი შიშობს, რომ თუ ტრამპი ვერ დაამარცხებს შიდა შტატური სისტემის ბნელ ძალებს, მსხვერპლი მხოლოდ საქართველო არ იქნება:

"უნდა ვიქონიოთ იმედი, რომ ტრამპი დაამარცხებს დიფ სთეითს, მაგრამ თუ ვერ მოახერხებს, ეს, რა თქმა უნდა, სამწუხარო იქნება არა მარტო საქართველოსთვის, არამედ ბევრი სხვა ქვეყნისთვისაც."

ლევან მახაშვილს კი მიაჩნია, რომ "ე.წ. მეგობრობის აქტი" საერთოდ არაფერ საერთო არა აქვს მეგობრობასთან და მისი მიზანი ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის დაზიანებაა:

"ე.წ. მეგობრობის აქტი ყველაფერია, გარდა მეგობრობისა… იმედი გვაქვს, ამ პროვოკაციულ რეზოლუციას პრეზიდენტი ხელს არ მოაწერს და ამით შეძლებს თავისი დანაპირების შესრულებას, რომ აშშ-ში "დიფ სთეითი" დაამარცხოს.“

დეპუტატი ვლადიმერ ბოჟაძე კი "ლაკმუსის ქაღალდს" ეძებს და სენატს ან პრეზიდენტს ისტორიული შანსის წინაშე აყენებს:

"ტენდენცია, რომელიც ახასიათებდა წინა ადმინისტრაციას, სამწუხაროდ გრძელდება. თუმცა სენატის ან უკვე პრეზიდენტის გადაწყვეტილება შეიძლება ერთგვარი ლაკმუსის ქაღალდი იყოს საქართველოსთან მიმართებაში."