შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ოპერატიული დაგეგმვის სამმართველოს ყოფილმა უფროსმა, ირაკლი შაიშმელაშვილმა გამოცემა BILD-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ქართული უშიშროების უწყებები კრემლის კონტროლის ქვეშ არიან და ყველა შეკვეთა მოსკოვიდან მოდის.
მისივე თქმით, საქართველოში დამოუკიდებელი საჯარო სამსახური არ არსებობს.
BILD წერს, რომ შაიშმელაშვილმა ქვეყანა ოჯახთან ერთად დატოვა, რაც ნიშნავს რომ საქართველომ ერთ-ერთი ყველაზე კვალიფიციური პოლიციელი დაკარგა, რადგან ის სპეცდანიშნულების რაზმის ოპერატიული დაგეგმვის განყოფილების უფროსი იყო და პრორუსული ხელისუფლების წინააღმდეგ პროტესტს თავად შეესწრო.
ამასთან, გამოცემა აღნიშნავს, რომ შაიშმელაშვილს დანაშაულის გრძნობა აწუხებს.
"ბოდიში მოვიხადე - 22 წელი ვფიქრობდი, რომ ქართველი ხალხის უსაფრთხოებისთვის ვმუშაობდი, მაგრამ საბოლოოდ ოლიგარქების კეთილდღეობა უფრო მნიშვნელოვანი აღმოჩნდა, ვიდრე - სახელმწიფოს", - განაცხადა შაიშმელაშვილმა.
შაიშმელაშვილმა საქართველო ოჯახთან ერთად რამდენიმე დღის წინ დატოვა. როგორც თავად ამბობს, თანამდებობის დატოვების შემდეგ ოჯახის წევრების, მათ შორის მცირეწლოვანი შვილის ლიკვიდაციით დაემუქრნენ. ეს კი საკმარისი მიზეზი იყო იმისთვის, რომ ქვეყნის დატოვებაზე ეფიქრა.
"ბოლო დღეს, როცა წამოსვლას ვაპირებდი, უკვე ჩაბარებული მქონდა ყველაფერი, გასაღები, აიდი, მანქანა, ერთ-ერთი მოადგილე შემოვიდა ხარებასი და სცადა პროვოცირება... მეც და ჩემი ოჯახის წევრებსაც გვემუქრებოდნენ ლიკვიდაციით, რომ ყველაფერი შეუძლიათ.
ირაკლი შაიშმელაშვილმა სამსახური დეკემბრის დასაწყისში დატოვა, პატაკში კი მიზეზად ოჯახური პირობები დაასახელა.