ყვარელში საპროტესტო აქციაზე ენმ-ის წევრები დააკავეს

ყვარელში საპროტესტო აქციაზე ენმ-ის წევრები დააკავეს

ნაციონალური მოძრაობის განცხადებით, ყვარელში საპროტესტო აქციის დროს მათი წევრები დააკავეს, კერძოდ, დაკავებულთა შორის არიან: პარტიის ერთ-ერთი ლიდერი და სამდივნოს წევრი, დიმიტრი ჩიქოვანი; საგარეჯოს საკრებულოს წევრი, დავით დიღმელაშვილი; გურჯაანის საკრებულოს წევრი, რამაზ ქერეჭაშვილი; ყვარლის საკრებულოს წევრი, ნიკა ღონიაშვილი; თბილისის საკრებულოს წევრი, ირაკლი ეძგვერაძე;

ასევე, დააკავეს ახალგაზრდული ორგანიზაციის ლიდერი ტიტე გედენიძე და პარტიის წევრები გიორგი და ალიკა მირაქოვები, ბექა პაპაშვილი, ლაშა ხუსკივაძე და ნიკა ნარსია. ენმ-ის განცხადებით, დაკავებულები არიან სამოქალაქო აქტივისტებიც.

დაკავებულთა ზუსტი რაოდენობის შესახებ ფორმულა ოფიციალურ განცხადებას შინაგან საქმეთა სამინისტროსგან ელოდება. უწყების პასუხის მიღებისთანავე მასალა განახლდება.

დილიდან ყვარლის ტბის მიმდებარედ დიდი რაოდენობით პოლიციაა მობილიზებული - არსებული ინფორმაციით, Kvareli Lake Resort-ში იმყოფებიან რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის შვილი, ეკატერინა ლავროვა და მისი ოჯახის წევრები. ამის გასაპროტესტებლად მოქალაქეები სასტუმროს მიმდებარედ შეიკრიბნენ, თუმცა პოლიცია მათ ძალის გამოყენებით აკავებს. დაკავებულთა შორის არიან გელა ხასაია და შუშანა მაცაბერიძეც.

დღეს ნაციონალური მოძრაობის წევრმა, ნიკა მელიამ განაცხადა, რომ სასტუმროს ადმინისტრაციამ იქ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვი ოჯახის წევრების ყოფნა დაუდასტურა. მელია ყვარლის ტბის მიმდებარედ გუშინ გვიან ღამით ჩავიდა, მას იქ პოლიციელები დახვდნენ მობილიზებულები და სასტუმროში შესვლის საშუალება არ მისცეს.

გუშინ მთავარმა არხმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის შვილი, ეკატერინა ლავროვა და მისი ოჯახის წევრები საქართველოში ქორწილისთვის ჩამოვიდნენ. უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ლავროვი და მისი ოჯახი, მათ შორის შვილი დასავლური სანქციების ქვეშ იმყოფება.

არხის ინფორმაციით, კახეთში ქორწილს ლავროვის სიძის, ალექსანდრ ვინოკუროვის ძმა იხდის. მიკა ვინო, იგივე მოშე ვინოკუროვი თბილისში იმყოფება და როგორც მისი ინსტაგრამიდან ჩანს, მან თბილისში პარტნიორთან ხელი უკვე მოაწერა.

სიუჟეტიდან ჩანს, რომ მთავარი არხის ჟურნალისტი Kvareli Lake Resort-ს ტელეფონით დაუკავშირდა და მათ ყვავილების მაღაზიის წარმომადგენლად გაეცნო. ჟურნალისტი სასტუმროს წარმომადგენელს ეუბნება, რომ ეკატერინა ლავროვას სახელზე თაიგული არის შეკვეთილი და დაინტერესდა, სტუმარი იმყოფება თუ არა ადგილზე. მოგვიანებით, სასტუმროს წარმომადგენელი პასუხობს, რომ თაიგული სწორად მიაქვთ.

როგორც ცნობილია ქორწილი Kvareli Lake Resort-ში ჩატარდება, სტუმრების ნაწილი კი Akhasheni Wine Resort & Spa-შიც განთავსდება.

ფორმულა დაუკავშირდა ყვარლის სასტუმროს, სადაც უარყვეს ინფორმაცია, რომ მათთან სტუმრად ეკატერინა ლავროვა იმყოფება.