ჩიკაგოში მიმდინარე დემოკრატიული პარტიის ეროვნულ ყრილობაზე სიტყვით გამოვიდა აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი ბარაკ ობამა, რომელმაც გამოსვლაში საპრეზიდენტო კანდიდატებზე - კამალა ჰარისსა და დონალდ ტრამპზე ისაუბრა.
მან თქვა, რომ კამალა ჰარისი კონცენტრირდება მოსახლეობის პრობლემების მოგვარებაზე და ეს არ შეეხება მხოლოდ დემოკრატიული პარტიის ამომრჩევლებს.
აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპზეც ისაუბრა და გააკრიტიკა ის ორპარტიული საიმიგრაციო შეთანხმების ჩაშლის გამო, რომელიც სამხრეთის საზღვარს დაიცავდა. ბარაკ ობამამ დონალდ ტრამპს "სახიფათო" უწოდა.
ბარაკ ობამამ დონალდ ტრამპი ქალთა უფლებებთან დაკავშირებული პოზიციის გამოც გააკრიტიკა და თქვა, რომ "მას [დონალდ ტრამპი] არ აინტერესებს რამდენი ქალი დაკარგავს თავისუფლებას, ეს არ აისახება მის ცხოვრებაზე".
ჩიკაგოში პარტიის ეროვნული ყრილობა გაიმართა, რომელზეც მოქმედ ვიცე-პრეზიდენტს კამალა ჰარიის დელეგატების უმრავლესობამ მხარი დაუჭირა. თავად ჰარისი ყრილობაზე არ იმყოფებოდა, რადგან ის წინასაარჩევნო კამპანიას ვისკონსინის შტატში ატარებს. დემოკრატების ყრილობას ჰარისმა ვიდეო ზარის ფორმატში მიმართა და ნომინაცია სიმბოლურად მიიღო.
ოფიციალურად პრეზიდენტობის კანდიდატობას კამალა ჰარისი ხუთშაბათს, ყრილობაზე სიტყვით გამოსვლის დროს დათანხმდება.
***
რამდენიმეკვირიანი განხილვებისა თუ მოწოდებების შემდეგ აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი საარჩევნო კამპანიას გამოეთიშა. თავისი გადაწყვეტილება მან მოსახლეობას წერილობითი განცხადებით აცნობა.
პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა საარჩევნო კამპანია 21 ივლისს დაასრულა. ბაიდენი 81 წლისაა და მის ფიზიკურ აქტივობებთან და ჯანმრთელობასთან დაკავშირებით არაერთი კითხვა დაისვა, განსაკუთრებით დონალდ ტრამპთან დებატების შემდეგ, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტისთვის წარუმატებელი აღმოჩნდა. დემოკრატიული პარტიის პარტნიორები, წამყვანი სახეები თუ დონორები კულისებში სვამდნენ კითხვებს, რამდენად შეეძლო ბაიდენს ტრამპის დამარცხება.
ბაიდენი ამბობდა, რომ კამპანიის დასრულებას არ აპირებდა, თუმცა კოვიდის დადასტურებიდან რამდენიმე დღეში პრეზიდენტმა თავისი ახალი გადაწყვეტილება გაასაჯაროვა. როგორც პრეზიდენტმა ახსნა, მისი განზე გადგომა ქვეყნისთვის სასიკეთო, სწორი გადაწყვეტილებაა. გარდა ამისა, დემოკრატიული პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატად მან ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისს დაუჭირა მხარი.