ყოლბაია შამბასთან საუბარზე: არავითარი სტატუსის ჩვენს შეხვედრას არ აქვს

ყოლბაია შამბასთან საუბარზე: არავითარი სტატუსის ჩვენს შეხვედრას არ აქვს

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ყოფილ თავმჯდომარეს ვახტანგ ყოლბაია ამბობს, რომ სერგეი შამბასთან მის საუბარს არავითარი სტატუსი არ ჰქონია. ფორმულას ეთერში ყოლბაიამ, რომელიც ამჟამად აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს წევრია, თქვა, რომ მისთვის მოულოდნელი იყო, რომ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უშიშროების საბჭოს მდივანი ონლაინშეხვედრაზე დათანხმდა.

"თქვენი ეთერის საშუალებით მინდა ვუპასუხო ზოგიერთს. თუ არ ვესაუბრეთ ჩვენ ოკუპირებულ ტერიტორიებთან არსებულ ადამიანებთან, ეს ჩინოვნიკი იქნება თუ უბრალოდ მომაკვდავი, თუ არ დავეხმარეთ, არ გავიაზრეთ ტკივილები, თუ ყველასაგან მოვითხოვეთ ოკუპირებული რეჟიმის წინააღმდეგ პარტიზანული ბრძოლა, იარაღის აღება, შევალთ ჩიხურ მდგომარეობაში. დიდი ხანია პოლიტიკაში ვარ, ვიცი სად არის წითელი ხაზები, რას ნიშნავს სახელმწიფო უშიშროება და უსაფრთხოება", - თქვა ვახტანგ ყოლბაიამ.

როგორც მან აღნიშნა, შამბასთან საუბრის შემდეგ მას ხელისუფლების წარმომადგენლებთან ჰქონდა კომუნიკაცია და ოპოზიციის წრეებიდანაც დაურეკეს.

"არავითარი სტატუსის ჩვენს შეხვედრას არ აქვს. ჩვენ ვისაუბრეთ იმ ხალხმა, რომელიც იყო მონაწილე ამ კონფლიქტის. თქვენ თუ გახსოვთ, 1996 წელს საქართველოს პარლამენტმა მიიღო დადგენილება კონფლიქტთან დაკავშირებით და სადაც აღიარა მონაწილეთა ხუთი სუბიექტი, აფხაზეთის სეპარატისტული ხელისუფლება, აფხაზეთის გამოდევნილი ხელისუფლება, რუსეთი, როგორც მონაწილე, ფაქტორი და არა მომრიგებელი, გაერო და საერთაშორისო ორგანიზაციები. ამას ეწინააღმდეგებოდა რუსეთი", - თქვა ყოლბაიამ.

მისივე განცხადებით, შამბასთან მისი შეხვედრა არა ახალი ფორმატი, არამედ დიალოგის გაგრძელებაა სხვადასხვა წრეებში, სხვადასხვა ჯგუფებში და არავითარი ახალი პოლიტიკა არ არსებობს:

"ჟენევას [ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებს] რაც შეეხება, იქ არის ყველა მონაწილე და ჟენევას ჰქვია, კარგად იცით, ეს არის დისკუსია. მეც ვიყავი ჟენევაში მონაწილე სუბიექტი და ყველა ვიყავით, როგორც ინდივიდი წარმოდგენილი. არავითარი სხვა ფორმატი არ არის დღეს მოაზრებული. ის ჟენევის ფორმატი, შეიძლება, ეფექტური კი არა არაეფექტურია დღემდე, მაგრამ უკეთესი ფორმატი არ არსებობს. უკეთესი ფორმატი თუ იქნა მოფიქრებული, იმაზე ვიმუშავებთ".

***

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უშიშროების საბჭოს მდივანი სერგეი შამბა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ყოფილ თავმჯდომარეს და უმაღლესი საბჭოს ამჟამინდელ წევრს, ვახტანგ ყოლბაიას ესაუბრა.

მათი შეხვედრა ონლაინ ფორმატში გაიმართა. ინფორმაცია თავდაპირველად აფხაზურმა მედიამ გაავრცელა.

ფორმულასთან საუბრისას ვახტანგ ყოლბაიამ დაადასტურა, რომ შეხვედრაზე საუბარი შეეხო ეკონომიკურ ურთიერთობებს, თუმცა კონკრეტულად რაზე იმსჯელეს, არ დააკონკრეტა.