მიხეილ ყაველაშვილმა მილოცვა ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკასგან და აზერბაიჯანის პრეზიდენტ, ილჰამ ალიევისგან მიიღო.
"დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის ნაყოფიერი და კონსტრუქციული თანამშრომლობის განახლება ხელს შეუწყობს ბელორუსიასა და საქართველოს შორის ორმხრივი ურთიერთობების შემდგომ განმტკიცებას. გისურვებთ ჯანმრთელობას, გეგმების წარმატებით განხორციელებასა და მიღწევებს სამშობლოს საკეთილდღეოდ", – ვკითუხლობთ ლუკაშენკას მილოცვაში.
თავის მხრივ, ალიევმა მისალოც წერილში აღნიშნა, რომ მოხარულია, რადგან საქართველო-აზერბაიჯანის ორმხრივი ურთიერთობები, რომლებიც აგებულია მყარ საფუძველზე და დაფუძნებულია ურთიერთპატივისცემასა და ნდობაზე, დღეს სრულყოფილად და წარმატებით ვითარდება.
"გულითადად გილოცავთ საქართველოს პრეზიდენტის პოსტზე არჩევას.
აზერბაიჯანულ-ქართული ურთიერთობები ნაკარნახევია ჩვენი ხალხების ნებით, რომლებიც ისტორიულად ცხოვრობდნენ მეგობრობისა და კეთილმეზობლობის პირობებში და ყოველთვის მხარს უჭერდნენ ერთმანეთს. მოხარული ვართ, რომ ჩვენი ორმხრივი ურთიერთობები, რომლებიც აგებულია მყარ საფუძველზე და დაფუძნებულია ურთიერთპატივისცემასა და ნდობაზე, დღეს სრულყოფილად და წარმატებით ვითარდება.
მჯერა, რომ ჩვენი ერთობლივი ძალისხმევა მიმართულია ჩვენი სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობებისა და სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომი განმტკიცებისა და გაფართოებისკენ, ჩვენი ქვეყნებისა და ხალხების საკეთილდღეოდ, ჩვენი რეგიონის სტაბილურობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და მისი ეკონომიკური პოტენციალის რეალიზებისთვის", - წერს ალიევი.
***
ქართულმა ოცნებამ მიხეილ ყაველაშვილი პრეზიდენტად დასვა. არჩევნები ერთპარტიულ არჩევნებში დღეს, 14 დეკემბერს ჩატარდა. ყაველაშვილი ერთადერთი კანდიდატი იყო.
ყაველაშვილს 224-მა ხმოსამა დაუჭირა მხარი. ბათილად გამოცხადდა ერთი ბიულეტენი. ადა მარშანიამ ყაველაშვილს მხარი არ დაუჭირა.
არჩევნების პარალელურად საკანონმდებლო ორგანოსთან დილიდან შეიკრიბნენ მოქალაქეები, რომლებიც არალეგიტიმური პარლამენტის მიერ არალეგიტიმური პრეზიდენტის არჩევას აპროტესტებდნენ.
ახალ პრეზიდენტი 5 წლის ვადით საარჩევნო კოლეგიამ აირჩია, რომელიც სრულად ქართული ოცნებისგან იყო დაკომპლექტებული.
საარჩევნო კოლეგია 300 წევრისგან შედგება, თუმცა ოპოზიციის ბოიკოტის გამო წევრების დიდი ნაწილი საკანონმდებლო დარბაზში არ გამოცხადდა.
300 წევრისგან შემდგარ კოლეგიაში შედიან: საქართველოს პარლამენტის ყველა წევრი (150 დეპუტატი), აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს ყველა წევრი (20 დეპუტატი), აჭარის უმაღლესი საბჭოს ყველა წევრი (21 დეპუტატი) და 109 წევრი მუნიციპალიტეტების საკრებულოებიდან.
პრეზიდენტის ასარჩევად კოლეგიის ხმების 2/3, 200 ხმაა საჭირო. იმ შემთხვევაში, თუ კანდიდატებიდან 200 ხმა ვერავინ მოაგროვა, მეორე ტური ჩატარდება, რომელშიც ორი საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატი მიიღებს მონაწილეობას. პრეზიდენტი გახდება ის, ვისაც მეტ ხმას მისცემენ.
საპარლამენტო ოპოზიციამ არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადა, ასევე, არ იქნებიან აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი საბჭოების წარმომადგენლები ოპოზიციიდან.
რაც შეეხება ადგილობრივ თვითმმართველობებს, იქიდან გამომდინარე რომ ოპოზიცია აქაც ბოიკოტშია, ცესკომ და ქართულმა ოცნებამ გადაწყვიტა, რომ სახელისუფლებო პარტიას მათი კვოტებიც აეთვისებინა.