
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, "მიღებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე" უკრაინის ორი მოქალაქე დააკავეს.
სუს-ის განცხადებით, საქართველოში შემოსულ მანქანაში იპოვეს "წინასწარ საგულდაგულოდ შენიღბულ სამალავებში მოთავსებული 2.4 კილოგრამის ოდენობით ასაფეთქებელი ნივთიერება "ჰექსოგენი".
"მიმდინარე წლის 10 სექტემბერს, უკრაინული სანომრე ნიშნებით მოძრავმა, MERCEDES-BENZ-ის მარკის სატვირთო ა/მანქანამ, უკრაინიდან საქართველოს მიმართულებით, რუმინეთის და ბულგარეთის გავლით, თურქეთიდან გადმოკვეთა სახელმწიფო საზღვარი და საბაჟო გამშვები პუნქტის სარფის გავლით ქვეყანაში შემოვიდა. მისი შეჩერების და გადამოწმების შედეგად ავტომანქანაში ნაპოვნია წინასწარ საგულდაგულოდ შენიღბულ სამალავებში მოთავსებული 2.4 კილოგრამის ოდენობით ასაფეთქებელი ნივთიერება „ჰექსოგენი“. საზოგადოებისთვის განვმარტავთ, რომ საქმე ეხება ასაფეთქებელ ნივთიერება „ტროტილზე“ ძლიერმოქმედ ნივთიერებას.
გამოძიებით ამ ეტაპზე დგინდება, რომ ასაფეთქებელი ნივთიერება უკრაინის მოქალაქეს, ზემოთხსენებული ავტომანქანის მძღოლს მ.ს.-ს, უკრაინის ტერიტორიაზე დაუდგენელმა პირმა გადასცა შენიღბულ კასრებში მოთვსებული ასაფეთქებელი ნივთიერება და განუმარტა, რომ საქართველოს საზღვრის გადაკვეთის შემდგომ, მათთან კავშირზე მყოფი სხვა პირი გამოართმევდა აღნიშნულ ნივთიერებას.
უკვე დაკავებულია, ასევე უკრაინის მოქალაქე დ.ჟ., რომელმაც მიაკითხა მძღოლ მ.ს.-ს და გამოართვა, სამალავებში განთავსებული დიდი ოდენობით ასაფეთქებელი ნივთიერება.
ჩატარებული ჩხრეკების შედეგად ამოღებულია 8 ერთეული მობილური ტელეფონი, კომპიუტერი, ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობები, დიდი ოდენობით ფულადი თანხა, სხვადასხვა ქვეყნის მობილური ოპერატორის სიმ ბარათები და ნარკოტიკული ნივთიერება „კოკაინი“, - ნათქვამია განცხადებაში.
მათი ცნობით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ფეთქებადი ნივთიერების მართლსაწინააღმდეგო შეძენას, შენახვას და გადაზიდვას გულისხმობს. მათივე ინფორმაციით, "დაკავებულებს ბრალად 260-ე მუხლით გათვალისწინებული ბრალდებაც წარედგინებათ მათი ჩხრეკისას ამოღებულ ნარკოტიკულ საშუალებებთან დაკავშირებით".
"ბუნებრივია გამოძიება გაგრძელდება საქართველოში შემოტანილი დიდი ოდენობით ასაფეთქებელი ნივთიერების საბოლოო დანიშნულების დასადგენად - მზადდებოდა ტერორისტული აქტი საქართველოში, საქართველო გამოიყენებოდა სატრანზიტო ქვეყნად თუ სხვა. შესაბამისად მოხდება დაკავებული პირების მიმართ სამართლებრივი კვალიფიკაციის დაზუსტება და საჭიროების შემთხვევაში საზოგადოების შემდგომი ინფორმირება", - აცხადებენ სუს-ში.