EU-ის წარმომადგენლობა: ჩვენი სოლიდარობა საქართველოში გერმანიის ელჩს

EU-ის წარმომადგენლობა: ჩვენი სოლიდარობა საქართველოში გერმანიის ელჩს

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა გერმანიის ელჩ, პიტერ ფიშერს სოლიდარობას უცხადებს.

სოციალურ ქსელში წარმომადგენლობა ასევე წერს, რომ EU გმობს საქართველოში მისი საქმიანობისა და როლის შესახებ არსებულ დეზინფორმაციას.

"ჩვენი სოლიდარობა საქართველოში გერმანიის ელჩს. როგორც ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის/ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის პრესსპიკერმა განაცხადა, ევროკავშირი უარყოფს და გმობს საქართველოში ევროკავშირისა და მისი წევრი სახელმწიფოების როლისა და საქმიანობის შესახებ დეზინფორმაციას", - წერს ევროკავშირის წარმომადგენლობა.

ცნობისთვის, გუშინ გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ გმობენ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების მიერ გერმანიის ელჩის მიმართ აგრესიულ რიტორიკას.

„კატეგორიულად ვგმობთ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების მიერ გერმანიის ელჩის მიმართ აგრესიულ რიტორიკას. გერმანიის ელჩი თბილისში ფედერალური მთავრობის პოზიციას წარმოადგენს. გერმანია კიდევ ერთხელ მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, შეწყვიტოს ევროკავშირისა და გერმანიის პოზიციებსა და პოლიტიკასთან დაკავშირებული ცრუ ნარატივების გავრცელება და შეცვალოს ამჟამინდელი პოლიტიკური კურსი“, - აღნიშნულია განცხადებაში.

მანამდე, შალვა პაპუაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ გერმანიის ელჩისგან მხარდაჭერილი „ტიტუშკები“ თავს დაესხნენ „ქართული ოცნების“ თბილისის შტაბს“.