
"ოცნების" პრემიერი, ირაკლი კობახიძე ირწმუნება, რომ 1 თვე საკმარისი ვადა იყო იმისთვის, რომ ეუთო/ოდირს ადგილობრივ არჩევნებზე სადამკვირვებლო მისია გამოეგზავნა.
კობახიძის მტკიცებით, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებული დასკვნის შემდეგ, ეუთო/ოდირს "თავის ატკიება აღარ სურდა."
"რაც შეეხება ეუთო/ოდირს. ჩვენ ველოდებოდით რეგისტრაციის ვადის ამოწურვას. ამის შემდეგ გაიგზავნა ეუთო/ოდირში მოწვევა. ვფიქრობ, 1 თვე საკმაოდ ნორმალური ვადა იყო იმისთვის, რომ დაკომპლექტებულიყო მისია და ჩამოსულიყვნენ, ამას დღეები სჭირდება, რეალურად. მარტივად, ერთ თვეში შეეძლოთ ამის გაკეთება. ზედმეტი ბიუროკრატია ევროპას, რა თქმა უნდა, ვნებს, მაგრამ 1 თვეში სავსებით შესაძლებელია მისიის დაკომპლექტება, ყველა საკითხის გავლა და მისიის განხორციელება.
თუმცა, მესმის, რომ ეს ყველაფერი იყო სერიოზული გამოწვევა ეუთო/ოდირისთვის. თქვენ გახსოვთ, როგორი შტურმის ობიექტი გახდა თავის დროზე ეუთო/ოდირი, როდესაც მან დადო დასკვნა საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, ასეთი თავის ატკიება შეიძლება აღარ სურდა ეუთო/ოდირს და ჩვენ ეუთო/ოდირის პოზიციას გაგებით ვეკიდებით", - განაცხადა კობახიძემ.
ცნობისთვის, 9 სექტემბერს ეუთო/ოდირმა განაცხადა, 4 ოქტომბერს საქართველოში ჩანიშნულ ადგილობრივ არჩევნებზე ეფექტიანი დაკვირვება შეუძლებელია და შესაბამისად, სადამკვირვებლო მისია არ გამოიგზავნება.
ამის მიზეზად ეუთო/ოდირი "ქართული ოცნების" მხრიდან დაგვიანებულ მოწვევას ასახელებს.
განცხადებაში ასევე ხაზგასმულია, რომ ეუთო/ოდირმა "ოცნებასთან" არაერთხელ გაუსვა ხაზი დროული მოწვევის აუცილებლობას.